წერტილი წრფეზე
რაც თავი მახსოვს, მინიმუმ ორჯერ წელიწადში ამ გზას გავდიოდით. ერთხელ სააღდგომოდ, მეორედ ზაფხულში, რამდენიმე კვირის სოფელში გასატარებლად. გზა ხეობაში მიდიოდა, პატარა მდინარეს მიუყვებოდა. არ მიყვარდა ეს გზა. ერთიდაიგივე პაიზაჟი მალე მბეზრდებოდა. ხეები, ხეები… არაფერი საინტერესო.
ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ხეობის დასაწყისში და ბოლოში მდინარე სხვადასხვა მიმართულებით მიედინებოდა. ე.ი. სადღაც “წყალგამყოფი ქედი” უნდა ყოფილიყო. ერთფეროვანი სიმწვანე ახლა უკვე ისე უინტერესოდ აღარ მეჩვენებოდა.
ალბათ რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ მანქანის ფანჯრიდან ზუსტად მომეძებნა ის ადგილი, საიდანაც ორი პატარა ნაკადული მიწიდან ამოდიოდა და საპირისპირო მიმართულებით ეშვებოდა. ჩემთვის, ბავშვისთვის, ეს საოცრება იყო. მდინარის დაბადება მანამდე ყოველთვის მიუწვდომელ თოვლიან მწევრვალებთან ასოცირდებოდა. ეს კი აქვე იყო, ასე ახლოს და ასე “მიწიერი”.
ახლა უკვე ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. ვცდილობდი არასოდეს გამომპარვოდა ჩემი “აღმოჩენილი ” ადგილი. ეს უკვე საინტერესო იყო.

