მატარებელი
დილიდან ისეთ განწყობაზე ვიყავი, რაღაცას რომ ვეძებ ხოლმე, შთაგონებას თუ აღფრთოვანების ობიექტს. რაღაცა არ მასვენებს, რაღაცა მაკლია…
ამჯერად ფრანგი მულტიინსტრუმენტალისტი და ვოკალისტი, იან ტიერსენი აღმოვაჩინე. ეს ადამიანი თურმე ყველაზე პერსპექტიული და იმედისმომცემი ახალგაზრდა კომპოზიტორია დღეს საფრანგეთში. უკრავს ყველანაირ შესაძლო ინსტრუმენტზე, დირიჟორობს საკუთარ ორკესტრს და უბრალოდ წერს ლამაზ მუსიკას.
ტიერსენს ეკუთვნის საუნდტრეკი ფილმისა “ამელი”, რომელმაც თავის დროზე კანის მაღალინტელექტუალური ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.
მისი მუსიკა შეიძლება მარტივი და უბრალოა, მაგრამ ასეთივე მარტივ, თბილ და ბავშვურ ემოციებს აღძრავს. მუსიკის დანიშნულებაც ხომ ესაა — რეზონანსი ჰპოვოს შენს სულში.
ეს ანიმაცია, რომელზეც ტიერსენის მუსიკაა დადებული, განსაკუთრებით მომეწონა.
“იტალიური” განწყობა
მაშინ, როდესაც “იტალიურ” განწყობაზე ვარ (ეს კი როგორც წესი რამდენიმე დღე გრძელდება), ყოველთვის ეს სიმღერა ამეკვიატება ხოლმე. ოღონდ არ ვიცი, ჯერ ამეკვიატება და განწყობაც ამის გამო მოდის, თუ პირიქით.
ერთი სიტყვით, ეს სიმღერა ჩემთვის იტალიასთან ასოცირდება, ისევე როგორც “პარიზის ცის ქვეშ” პარიზთან.
ედიტი
“ცხოვრება ვარდისფერ ფერში” (La Vie en rose)
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=PVYVQ
ფანჯარა პარიზში
მე არ ვყოფილვარ პარიზში.
მაგრამ ოდესმე წავალ. იმიტომ რომ ჩემთვის აუცილებელია ის, რასაც ჩემი წარმოდგენით პარიზი იძლევა. მიჭირს თქმა ამას რა ჰქვია. ეს არაა ეიფელი, ლუვრი, ვერსალი და ათასი გაცვეთილი ღირსშესანიშნაობა. პარიზი უნდა იგრძნო და შეისუნთქო (ალბათ)…
რატომღაც მგონია რომ მარტო უნდა ვეზიარო მას. არადა შეყვარებულების ქალაქია. ალბათ პარიზზე შეყვარებულების.
როდესაც მასზე ვფიქრობ, ერთი კადრი მიდგას ყოველთვის თვალწინ: ფანჯარა ქუჩაზე გადის. ქუჩა პატარაა, ვიწრო და მყურდო, ქვაფენილიანი. ფანჯრიდან ქუჩის მოპირდაპირე მხარეს პატარა კაფე მოსჩანს, საიდანაც დილაობით ახალდაფქული ყავისა და ჯერ კიდევ ცხელი კრუასანების კუჭისშემძვრელი სუნი იჭრება ოთახში. კაფე ტენტიანია და ორიოდე მაგიდა გარეთ პირდაპირ ტროტუარზეც კი დგას. განაპირას, კედელთან ვაზის მსგავსი რაღაც ხვიარა მცენარეა დარგული, რომელიც კაფეს თავზე, აივანს მწვანედ მოსავს. ფანჯარა (აი სწორედ ის, საიდანაც დავიწყე) აუცილებლად დარაბებიანია და აუცილებლად მეორე სართულზეა.
….. და აუცილებლად ჟღერს “პარიზის ცის ქვეშ”.
დანდინი დანდინი…
რამდენიმე კვირის წინ იუთუბზე მსოფლიოს ხალხების “იავნანები” მოვძებნე. რატომ დამაინტერესა ამ თემამ, აღარ მასხოვს, როგორც ყოველთვის. გამაოცა მოსმენილის მრავალფეროვნებამ. სხვათაშორის არსად იყო ქართული იავნანა : (( .
მე თუ მკითხავ, იავნანა ჰიმნივით მნიშვნელოვანია. მასში ნაციის ხასიათი და გენებია ჩადებული.
ზოგიერთი ცოტა უცნაური იავნანა აღმოჩნდა, უფრო სწორად იავნანისთვის შეუფერებელად ომახიანი და დინამიური. მაგალითად ესპანური იავნანის მოსმენისას, როგორც ერთმა ჩემმა მამრობითი სქესის მეგობარმა აღნიშნა, ძილი კი არა ქალი მოგინდებაო : P.
აქ კი მინდა დავდო ამ უამრავ “იავნანებს” შორის ჩემი ფავორიტი, თურქული იავნანა.
ძილი ნებისა…


1 comment