ეგოისტური ბლოგი

4 კედელი ანუ ჩემი პლანეტა

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 30, 2008

კედლებს მიღმა სხვა სამყაროა. უფრო სწორად ამ კედელს შორისაა სხვა სამყარო და ის ჩემია, ჩემით დამუხტული. დიახ, ისაა სხვა და დანარჩენი სამყარო სულ ერთნაირია. სხვა პლანეტაა, სხვა განზომილება.

ზღურბლთან მთავრდება რუხი ურთიერთობები და შიგნით მხოლოდ თბილი და ფერადი აღწევს. მის კედლებზე იმსხვრევა რეალობის ტალღები.

რასაც ამ კედლებში ვეძებ, ეს სიმყურდოვეა, რომელსაც თავისი სუნი და ტემპერატურა გააჩნია. ეს სუნი ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, როცა საღამოს სკოლიდან დაბრუნებულს დედა სახლში მხვდებოდა და სადილს აკეთებდა. არა, გასტრონომიულ სუნებთან მას საერთო არაფერი აქვს.

ჩემი პლანეტა მოგონებებითაა დასახლებული. ყველა ნივთი, თუნდაც სრულიად უმნიშნელო რაღაც პერიოდთან და მოგონებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ისინი არ მაძლევენ საშუალებას დავივიწყო, რომ სხვა დროც არსებობდა.

და რაც დრო გადის, მით უფრო ხვდები, რომ შენი სახლი არამარტო ციხესიმაგრეა, ნავსაყუდელია, არამედ ის სამყაროა, რომელიც შენ შექმენი და რომელიც შენით ცოცხლობს. და ალბათ ზუტად ისეთია, როგორსაც იმსახურებ.

ტვინი აბაზანაში

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 26, 2008

რაღაცას დავინახავ, მერე რაღაცას გავიფიქრებ და მივაყოლებ “ამას ბლოგში დავწერ მეთქი”. თან ასე რამდენჯერმე დღეში. ახლაც დავჯექი და ვცდილობ გავიხსენო ის “რაღაცეები”. მაგრამ ჩემი ფეხები.

მოკლედ, კი ვიძახე “ავდექი-დავჯექი-ვჭამე-დავიძინე” არ იქნება მეთქი, მაგრამ დღეს გადავწყვიტე გავაკეთო განყოფილება, სადაც ზოგჯერ მთელ განვლილ დღეს აღვწერ ხოლმე. რატომ? იმიტომ რომ მივხვდი, მთავრი ის არაა რაზე წერ, არამედ ის, როგორ წერ. ხოდა მაინტერესებს როგორ გამომივა. ვინ იცის, იქნებ მომეწონოს კიდეც. ვერ ვისწავლე რა ჭკუა, რომ “არასოდეს ვთქვა არასოდეს”.

კიდევ რამოდენიმე ახალი იდეა მომივიდა ბლოგთან დაკავშირებით და თანდათანობით განვახორციელებ ალბათ. პარადოქსია, მაგრამ იდეები ძირითადად აბაზანაში მომდის. რა თქმა უნდა, აბა რა უნდა აკეთოს ტვინმა აბაზანაში სხვა! სხეული დუნდება და ათავისუფლებს ტვინს თითოეული კუნთის კონტროლის ვალდებულებისგან. ხოდა ეს ტვინიც დგას და ათას ხარახურაზე (ეს სიტყვა აუცილებლად დააინტერესებს ერთ პიროვნებას) ფიქრობს.

აზრზე არ ვარ რა დავარქვა ამ პოსტს. ხოდა ავდგები და ასეთ სათაურს გავუკეთებ. რა, ცუდად ჟღერს? ჰმ…

ქიმიური პორტრეტი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 23, 2008

ექიმმა მითხრა, რომ ლაბილური ენდოკრინული სისტემა მაქვს. ანუ ჩემი ჰორმონები სტრესული და ემოციური ფაქტორების გავლენით ისე შრიალებენ, “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა” ლოლ.
ჰორმონები — ეს ნივთიერებებია, რომლებიც თითოეულ ჩვენს ნიშან-თვისებას განსაზღვრავს, შინაგანს თუ გარეგანს.
ე.ი. მე მგრძნობიარე ადამიანი ვყოფილვარ, ანუ ისეთი, რომ იტყვიან “ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვსო”. ჯიუტი ფაქტი შტამპიან ფურცლებს წარმოადგენს. არადა თითქოს ემოციების დაკარგვას ვუჩივი. არაფერი მაღელვებს და მაშფოთებს. ყველაფერზე მაქვს რეაქცია “რატომარმიკვირსნეტავ”.
როგორც ჩანს ჩემი ემოციები რომელიღაც ცხრაკლიტულშია ჩაკეტილი და მხოლოდ ლაბორატორიის რეაქტივებს ძალუძთ მათი დანახვა ჰორმონების სახით.
ისე, რა საოცარია. რომ განსაზღვრო ორგანიზმის ყველა ჰორმონი ფაქტიურად პიროვნების ქიმიურ პორტრეტს მიიღებ.

ოქსიტოცინი — ეს ჰორმონია, რომელიც საშვილოსნოს მუსკულატურისა და სარძევე ჯირკვლების სტიმულაციის გარდა განსაზღვრავს პიროვნების კეთილგანწყობის და ნდობის ხარისხს სხვა ადამიანების მიმართ. მას სიყვარულის ჰორმონსაც უწოდებენ.

სეროტონინი — ნეირომედიატორია, რომელიც განსაზღვრავს იმპულსების გადაცემას ნერვულ უჯრედებში. გავლენას ახდენს ემოციებზე, სოციალურ ქცევაზე, აგრესიის გამოვლინებაზე, გადაწყვეტილების მიღების უნარზე. მას ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ.

* * *

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 21, 2008

ისევ უსათაუროდ ვიწყებ. როგორ წესი, თავისით მოდის მერე.

ეს წიგნი ლინგვისტუსის ახალმა სტატიამ გამახსენა. გაყვითლებული ფურცლებით, ყდაგაცრეცილი, მრავალჯერ აკინძული. იმდენჯერ წამიკითხავს, რომ ჩემი ბავშვობის თითქმის ყველა პერიოდს უკავშირდება. ამიტომ მთლიანად ბავშვობას მაგონებს, სხვადასხვა მოვლენებით, შეგრძნებებით, სუნებით.

ბოლოს როდის წავიკითხე აღარ მახსოვს. ალბათ მაშინ, როცა უკანასკნელად ვიყავი ბავშვი. ახლა სიამოვნებით წავიკითხავდი, რომ ვიცოდე სადაა (დროებით სხვა წიგნებთან ერთად რომელიღაც ყუთშია, წარწერით “წიგნები”, სხვა მისამართზე, ობიექტური მიზეზების გამო).

წავიკითხავდი-მეთქი, მაგრამ… რომ არ დაბრუნდეს ის შეგრძნებები? ან პირიქით, დაბრუნდეს, მაგრამ ის ბავშვი აღარ დახვდეს, ყოველ ჯერზე ერთნაირი აღტაცებით რომ კითხულობდა? ალბათ იმედგაცრუების ცივ შეგრძნებას ვარიდებ თავს. (შეგრძნებებს ტემპერატურული მახასიათებელი რომ გააჩნიათ არ იცოდით?).

სათაური არ მოვიდა.

p.s. ამ წიგნში ასტრიდ ლინდგრენის სამი ნაწარმოებია: “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი”, “ბიულერბიუელი ბავშვები” და “ჩვენც სალტკროკელები ვართ”.

ოდა ღამეს

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 21, 2008

რა ბანალურია.

მე რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც ღამეზე არ თქმულა და არ დახატულა. მთვარიანი, უმთვარო, ზღვაზე, მთაში, გზაში, ქალაქში, ტყეში, წელიწადის სხვადასხვა დროს….მიყვარს ყველანაირი და ყოველთვის. и знаю, что это на всю жизнь.
არ ვიცი ეს ჩვევაა, სენია, აკვიატებაა თუ რაღაცნაირი თავისუფლების (და არა პირიქით) განცდის სურვილია.

ღამით ვიღაც და რაღაც იღვიძებს ჩემში (ალბათ მზეთუნახავი, დღის შუქს რომ ერიდება : P ან ტრანსილვანიელი გრაფის რომელიმე გენი. მარა საიდან, ან ერთი და ან მეორე? ლოლ)
მოდის ახალი აზრები, ახალი ენერგია… თვალი სულ სხვაგვარად აღიქვამს.
ღამით ესთეტიურობის შეგრძნება მატულობს. ერთი მხრივ იმ ბანალური მიზეზის გამო, რომ სიბნელეში ნაკლოვანებები ცუდად ჩანს, მეორეს მხრივ იმიტომ, რომ ადამიანები არ აფუჭებენ პეიზაჟს.

ჩემი ფანჯრიდან თბილისის ღამე ჩანს. თავისი ვარსკვლავიანი ცით (ამინდის შესაბამისად), ბრჭყვიალა ანძით, განათებული სამებით, შორს მტკვრის გაღმა ფერდობზე შეფენილი ლამპიონების გირლიანდებით (სავარაუდოდ ნახალოვკის და ჩუღურეთის ქუჩები უნდა იყოს).
ჩემი ფანჯრის ქვეშ თბილისს ძინავს.

პ.ს. რატომღაც მგონია, რომ ბლოგების უმეტესი ნაწილი ღამით იწერება.

ცენტრიფუგა

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 19, 2008

სამყარო მოძრაობს, თუხთუხებს. აქ უძრავი არაფერია, ჩემს გარდა.

მე არ ვიცვლები.

ყველაფერი ჩემს გარშემო ხდება. თითქოს ცენტრიფუგის შუაგულში ვდგავარ. და ეს ცენტრიდანული ძალა ყველა მხრიდან მექაჩება და მოითხოვს რომ ჩემი რაღაც ნაწილი გავატანო. ალბათ ვატან. მაგრამ ის რაღაც, რასაც “მე” ჰქვია და ყველაზე მიუწვდომელ ადგილას მდებარეობს, არ იცვლება.

(იქნებ იმიტომ რომ კიდევ უფრო აბსტრაქტულია ვიდრე ეს ცეტრიფუგა?)

ცდილობს წამგლიჯოს ყველაფერი საუკეთესო რაც გამაჩნია. სწორედ ისე, როგორც რძეს ნაღებს აცლიან. სხვათაშორის, ამაშიც გამოიყენება ეს ეშმაკის მანქანა http://en.wikipedia.org/wiki/Centrifuge.

იქნებ ჯობია ცენტრიდან პერიფერიაზე გადავინაცვლოთ და სხვა ცენტრის გარშემო ვიტრიალოთ თავბრუდამხვევი სიჩქარით…

Special drug

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 18, 2008

მგონი მომწონს ეს საქმე. და მგონი ჩემი მომდევნო გატაცების საგანი ვიპოვე. ჯერ “ჩავიციკლები”, მერე ან გამივლის, ან “შევჯდები”. ადამიანებს ხომ ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ… კაი ბატონო, ჩავსვამ ბრჭყალებში. “ნარკოტიკში” მხოლოდ ქიმიური, ნარკოტიკული საშუალება არ მიგულისხმია. ჩემთვის ნარკოტიკია ყველაფერი, რასაც ადამიანი გასართობად ან რეალობისგან დროებით მაინც თავის დასაღწევად, “გულის გადასაყოლებლად” (კარგი გამოთქმაა) მიმართავს და მერე მასზე რამენაირად დამოკიდებული ხდება. ასეთ “ნარკოტიკად” შეიძლება იქცეს ნებისმიერი რამ, აბსოლუტურად ნებისმიერი. მატერიალურიც და არამატერიალურიც.

“ბლოგომანია” ნარკომანიის ერთერთი სახეა და ფრიად გავრცელებულია ინტერნეტ-მომხმარებელთა შორის. ალბათ სადღაც ტვინში, ხვეულებსა და ღარებს შორის ჩაკარგული პატივმოყვარეობის ცენტრი აღიგზნება და კაიფიც ამაშია. თუარადა, რატომ არ ვწერთ ამ ჩვენს ტვინის ნაჟურს ვორდის ქათქათა ფურცლებზე და არ ვინახავთ ფოლდერებში ვინჩესტერის უკიდეგანო წიაღში? არა, ასე არ მუშაობს. ვირტუალური და ილუზორული ტაში “ახარებს ჩვენს ჭიას”, რომელიც ვინ იცის, იქნებ სწორედ ნერვული უჯედების იმ პატარა კონგლომერატის ხატოვანი სინონიმია.

ასე რომ, there is a special drug for each of us.

ნაკვალევი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 18, 2008

გამოვა ვითომ აქედან რამე?

არადა რა უნდა გამოვიდეს. რამდენი ხანია ვაპირებ და მხოლოდ ის  მაკავებდა, რომ ვერ გადავწყვიტე რატომ უნდა გავაკეთო ეს.  ბოლოს მივხვდი. იმიტომ, რატომაც 20 წლის წინ ვწერდი დღიურებს. ვწერდი მხოლოდ საკუთარი თავისთვის. დაახლოებით ისე, სველ ქვიშაზე დატოვებულ საკუთარ ნაკვალევს რომ ინტერესით ათვალიერებ საკუთარივე ფეხისგულის შესასწავლად.

მოდი, ამ პოსტს სახელს შევუცვლი. ასე ერქვას.

ხოდა რას ვამბობდი…  უამრავი ბლოგი წამიკითხავს და ყველა ერთმანეთს ჰგავს, რამოდენიმეს გარდა. წამიკითხავს იმიტომ, რომ გამეგო, ეს რა ხილია. მერე შევეშვი. არ მასვენებდა უსიამო გრძნობა, რომ ვიღაცის სულში ხელს ვაფათურებდი. არადა იდეაში ხომ ამისთვისაა ეს ბლოგები შექმნილი. ხოდა არ ვიცი აქედან რა გამოვა. ეს ბლოგი არ იქნება “ავდექი-დავჯექი-ვჭამე-დავიძინე”. მკითხველიც ალბათ ბევრი არ ეყოლება. გულახდილად რომ ვთქვა, იქნებ ჯობია საერთოდაც არ ჰყავდეს. იმიტომ რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დავწერ.