ეგოისტური ბლოგი

უკატესი

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on იანვარი 12, 2012

მშრალ ხიდზე რომ სურათების გამოფენა-ბაზრობაა ხომ იცით? აი ის რომ ძველ თბილისში ღვინის აღმართზე გადაიტანო და დააგრძელო დაახლოებით ასე გამოიყურება “ანდრეევსკი სპუსკი” — კიევის ალბათ ყველაზე კოლორიტული ადგილი. რამდენიმე სუვენირი ვიყიდე და იქვე,  სურათების გამყიდველი ქალის კალთაში ეს “დამა” შევნიშნე. გადაღების წინააღმდეგი არათუ არ იყო, კამერის დანახვაზე პირობითრეფლექსადქცეული პოზა მიიღო მედიდურად და აუღელვებლად. პატრონმა პირობა ჩამომართვა, რომ “ინტერნეტში გავუშვებდი” და აი, ვასრულებ.

 

კაცი ნაპირზე

არის მასში რაღაც მეფური და ველური. იგი აფრიკის სავანების ქარს მიყურადებულ თეთრ ლომს ჰგავს. ფერფლისფერი, ჭაღარაშერეული თმა, ლურჯი თვალები და დაუდევრად შეკრეჭილი ბლანჟე ჩიბუხს ითხოვს— ასეთი წარმომდეგინა ბავშვობაში შორეული ნაოსნობის კაპიტნები. მაღალია და ცოტა ზანტი. ხავსივით შეპარვია სხეულს სიმსუქნე. არსად ეჩქარება და არაფრის ეშინია, დასაკარგი უკვე დაკარგა. მზერა აქვს — უშიშარი, ცივი და ცოტა უტიფარი. ასეთებზე ამბობენ “ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო”. საკუთარი სიცოცხლე არაფრად უღირს, თუმცა მეგობრის გვამი ზურგით ატარა, რომ მიწისთვის მიებარებინა უსაფრთხო ადგილას. იგი ბურთა შთამომავალია და ოკეანის ნაპირზე ცხოვრობს ნახევრად დამწვარ სახლში.

note

Posted in უბის წიგნაკი by noemberi on იანვარი 10, 2012

არასოდეს გამიკეთებია საახალწლო სურვილების სია.   შესაბამისად წლის ბოლოს არასოდეს შემიფასებია განვლილი წელი იმის მიხედვით რა ამიხდა/ რას მივაღწიე.  წელს გადავწყვიტე. აქ ჩავინიშნავ, ჩემთვის.

1. ფნებ.

2. პრფ.

3. შინ.

 

ფიქრი # 11

Posted in ფიქრები by noemberi on იანვარი 8, 2012

ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველა წიგნი გარკვეულ ასაკში უნდა წაიკითხო, ისევე როგორც ყველა გრძნობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უნდა გამოსცადო.  ესაა გამოცდილება. გამოცდილება არ არსებობს ცუდი და კარგი. ესაა “სავსე ცხოვრება”. ყველაფერი მოგონებებად ილექება ცნობიერში. ცხოვრების ბოლოს სულ ესაა რაც გრჩება. ადამიანი მაშინ კვდება, როცა მოგონებები უთავდება.