ეგოისტური ბლოგი

დერეფანი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აპრილი 7, 2016

დილით, რძიან მიუსლის ყავას რომ ვაყოლებდი და გუშინდელ სიზმარზე ვფიქრობდი, უცებ გავაცნობიერე, რომ წინდების, “ტრუსიკების”, საკანცელარიო ნივთების, საოჯახო ინსტრუმენტების და სხვა ხარახურის მსგავსად ადამიანებიც დახარისხებული და უჯრებში ჩალაგებული მყავს. ჩემი მანიაკური ორგანიზებულობა რომ მათზეც ვრცელდება, ეს ძალიან სახალისო აღმოჩენად მომეჩვენა. სიზმარიც სახალისო იყო. მე და 2 ადამიანი რაღაც ქვესტს ვხსნიდით, რომელიც რეალურად ხდებოდა. მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. ყოველთვის მიჭირს ხოლმე ადამიანების კატეგორიზაცია. არ ვიცი ვის ვუწოდო მეგობარი, ახლობელი, ნაცნობი. მიკვირს სხვები როგორ ახერხებენ ამას. კატეგორია “ნათესავი” ყველაზე ადვილია. ეს 2 ადამიანი ჩემი ცხოვრების სხვადსხვა პერიოდს უკავშირდება, შეიძლება ითქვას, რომ იმ კონკრეტული “მე”-ს მეგობრები არიან. ის, რაც მათთან მაკავშირებს ძალიან ძვირფასია და სამუდამოდ ჩემთან დარჩება, მაგრამ სულ ესაა და ეს. ცხოვრების სხვა პერიოდში სხვა ასეთი ადამიანები იყვნენ და არიან. ზოგადად ცხოვრება გრძელი დერეფანივითაა, გვერდებზე ჩამწკრივებული უამრავი კარით და ოთახით. ზოგში მოგონებებია, ზოგში ფიქრები, ზოგში ოცნებები და ზოგშიც ადამიანები.