ეგოისტური ბლოგი

ნეგატივი

Posted in დღიური, ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 15, 2009

გადავწყვიტე დღეს ადრე დავიძინო. უფრო სწორად, იძულებული ვარ ადრე დავიძინო. და საერთოდ, მთელი მომდევნო კვირა დაძაბულ რეჟიმში მომიწევს ცხოვრება-მოღვაწეობა. სამაგიეროდ მერე დავისვენებ, აუცილებლად წავალ ნ-სთან ქვიშხეთში. იმედია ცოტა მაინც დათბება, თორემ ეს უკვე სასაცილო აღარაა.

როგორმე უნდა გადავიტანო მომავალი კვირა. ამისთვის კი კვირას კარგად უნდა დავისვენო. ანუ მთელი დღე სახლში + კომპიუტერი + წიგნი, ჩემი კარგად დასვენება ხომ ესაა. მაგრამ არ მინდა წინასწარ გეგმების დაწყობა, ცუდად მაქვს დაცდილი.

დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ნახევარი დღეა მასზე ვფიქრობ. ჩემს ბლოგროლში არის და ე.ი. მის ბლოგს ხშირად ვკითხულობდი. ამ ამბის გაგებისთანავე ლინგვისტუსის ერთი პოსტი გამახსენდა, რომელიც თავის დროზე შორეულ მომავალზე დაწერილი მომეჩვენა.

ორშაბათს ჩემს ინტენსიურ დ ახლო ურთიერთობასაც თუ ჩავთვლით პოლიციასთან, ეს კვირა ჯერჯერობით ისევე მძიმედ გრძელდება, როგორც დაიწყო.

პ.ს. ფოტო განწყობისთვის, თორემ ნამეტანი რუხი პოსტი გამოვიდა 🙂

IMG_0170

4.03.09

Posted in დღიური by noemberi on მარტი 4, 2009

დღეს “ლაითი” დღე მქონდა.

ეს ისეთი დღეებია, როცა გრაფიკი ყულფივით არ მახრჩობს. ანუ სურვილისამებრ შემიძლია დავგეგმო დღე. როგორც წესი, ასეთ დღეებში (რაც იშვიათობაა) ისეთ საქმეებს ვაგვარებ, რომელსაც have-to-do სიაში თვეების მანძილზე უცვლელად უჭირავს ადგილი კატეგორიაში “საჩქარო არაა, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია”. (more…)

კვირაა

Posted in დღიური by noemberi on დეკემბერი 14, 2008

გუშინ დიდხანს და საფუძვლიანად ვიჭოტე, იმის იმედით, რომ დღეს გემრიელად ვიძინებდი დილით. მაგრამ (რა თქმა უნდა “მაგრამ”) ჯერ ოჯახის წევრი ბავშვის ომახიანმა ჰიმნმა გამაღვიძა, მერე ტელეფონის ზარმა და ჩავრჩი ძილის იმ ფაზაში, როცა არც იქით ხარ და არც აქეთ. ფიზიკურად გძინავს, მაგრამ გონების გათიშვას ვეღარ ახერხებ. დაკვირვებული ვარ, ასეთ მდგომარეობაში ნანახი სიზმარი ბევრად უფრო “რეალურია”. ჩვეულებრივ სიზმარში თუ ყოველთვის მახსოვს რომ სიზმარია და სიუჟეტს სერიოზულად არ აღვიქვამ, აქ იმდენად ცხადად შევიგრძნობ ნანახს, რომ ყოველთვის მეღვიძება გრძნობით “ნუთუ დამესიზმრა”. (more…)

1.12.2008

Posted in დღიური by noemberi on დეკემბერი 1, 2008

რაღაც არეულად მეძინა. რა გასაკვირია, ღამის (თუ დილის) 5 საათზე რომ დაიძინებ. რას ვაკეთებდი ეს სხვა თემაა და ამ განყოფილებას არ შეესაბამება. ამიტომ სხვა დროს დავწერ.

დილით ოთახის კარზე ოჯახის წევრის ფრთხილმა კაკუნმა გამაღვიძა. წამოხტომა არ მიჩქარია. რადგან არ განმეორდა ე.ი. სასწრაფო არაფერია. გუშინ სამსახურიდან სწორედ ისეთ ხასიათზე დავბრუნდი, საკუთარ თავსაც რომ ვერ ვიტან ხოლმე. იციან რომ ამ დროს უნდა მომერიდონ.

დღის განრიგი საშუალებას მაძლევდა ძილი მშვიდად გამეგრძელებინა. თუმცა გამოფხიზლების რამდენიმე მცდელობა ისედაც უშედეგოდ დამთავრდა.

პერიოდულად ამოტივტივდებოდა ხოლმე აზრი, რომ ტელეფონი დამჯდარია და ვინ იცის რა ხდება. ჩემნაირი ცივილიზაციის მსხვერპლისთვის ეს იმდენად ძლიერი მიზეზია თბილი ლოგინის მიტოვების, რომ ბოლოსდაბოლოს დავემორჩილე.

შევაერთე თუ არა 2 მესიჯი ერთმანეთზე სწრაფად მოვიდა და მერე wonderful day-ს მელოდიაც გაისმა. ზარმა დღის მეორე ნახევრის გეგმები შეცვალა. მაშასადამე 5-სთვის პავლოვზე უნდა მივირბინო და მერე პრინციპში თავისუფალი ვიქნები.

შხაპი, საუზმე, ჩავიცვი და გავედი.

პოზიტივი — მანქანა კარგად იყო გამთბარი მზის სხივებით და ამჯერად ხელები საჭეზე არ მიმეყინა. აწი სულ აქ უნდა დავაყენო. ჩემს წასვლამდე გათბობას ასწრებს.

ვაკე-საბურთალოს გზაჯვარედინზე რათქმაუნდა საცობი იყო. კინაღამ გამისვა ვიღაცამ.

ვერ გადავეჩვიე ამ ძველ სახელწოდებებს. ყაზბეგს რას ვერჩი, მაგრამ ყურს პავლოვი უკეთესად ხვდება : )

უკანა გზაზე ვაჟას ძეგლთან დაფეხვილი “მარშრუტკით” კვახებს ყიდიდნენ. შეიძლება ყიდვა და საღამოს მოხარშვა. მარა დაჭრას ვერ ვიტან. თუ ოჯახის რომელიმე წევრი იზამს ამ კეთილშობილ საქმეს, ქვაბში მე ჩავაწყობ, წყალსაც დავასხამ და ცეცხლზეც შემოვდგამ. მთავარია ივარგოს, თორემ სხვა გზა არ მექნება, უნდა ვაღიარო რომ მომატყუეს. ერთის ყიდვას ვაპირებდი და მეორეც მაყიდვინა იმ მიზეზით რომ პატარა ავარჩიე, და მესამეც, იმიტომ რომ ხურდა არ ჰქონდა.

……………

ახლა ერთი ძალიან კარგი ადამიანის გარდაცვალების შესახებ შემატყობინეს. ამ შეგრძნებას “არსებობის სევდას” დავარქმევდი.