ეგოისტური ბლოგი

ფირუზის მძივი

Posted in ნივთები ანუ წარსული აწმყოში by noemberi on ივლისი 23, 2009

IMG_0214მგონი აგვისტო იყო. 2 თუ 3 წლის წინ. თბილისში ხვატი იდგა. ყაზბეგის ქუჩით მელიქიშვილზე  ჩამოვდიოდი, სტანდარტ-ბანკში კომუნალური უნდა გადამეხადა. ქუჩის ბოლოში, ბანკის ფანჯრის რაფაზე მოხუცი ქალი იჯდა. ზუსტად ისეთი, ძველ რუსულ ფილმებში რომ არიან “ბაბუშკები”, ნიკაპთან შეკრილი თავსაფრით, თეთრი, დაჭმუჭნული კანით და ასაკისთვის შეუფერებელი  ზღვისფერი თვალებით…. საერთოდ, ადამიანის გარეგნობაში ყველაფერი იცვლება ასაკთან ერთად, თვალის ფერადი გარსის გარდა. მარტივი ასახსნელია: თვალები სულის სარკეა, სული კი არამატერიალურია და არასოდეს ბერდება.

მოხუცი მძივებს ყიდდა. ძალიან ლამაზი იყო ყველა, თუმცა ძველმოდური. მოკლე მძივები იყო. ასეთს ახლა აღარავინ ატარებს. ნეფრიტი და ფირუზი მომეწონა, დამუშავებული ერთი ზომის ბურთულები. ამასობაში იმდენი გამვლელი დაინტერესედა, რომ ნეფრიტი თვალწინ “ამახიეს”. მოხუცს ბავშვივით უხაროდა.

ჰოდა ამდენი ხანია მიგდია ეს ფირუზის მძივი, არცერთხელ არ გამომიყენებია. დღეს შემთხვევით გამახსენდა და ბევრი წვალების შემდეგ ახალი სამაჯური მაქვს. მგონი ცუდი არ გამოვიდა : )))

მწვანე ონიქსის სპილოები

Posted in ნივთები ანუ წარსული აწმყოში by noemberi on დეკემბერი 20, 2008

ორი ცალი მყავს. დედა და შვილი, ან შეიძლება მამა და შვილი. სამწუხაროდ გენიტალიები არ ეტყობათ.  3 წლის წინ ვიყიდე კიევში, კრეშატიკზე მიწისქვეშაში.

იმ ღამით მოვფრინავდით. გადავწყვიტეთ დარჩენილი რამდენიმე საათი საკუთარი შეხედულებისამებრ გაგვეტარებინა ორივეს. ანუ კი არ გადავწყვიტეთ, ასე გამოვიდა და მეც არ ვიყავი წინააღმდეგი. “იმას” ადგილობრივმა (more…)

ხმელი ვირთევზა

Posted in ნივთები ანუ წარსული აწმყოში by noemberi on დეკემბერი 10, 2008

ჩემს წინ კიდია კედელზე, ზუსტად მონიტორის უკან. ამ ზაფხულს მაჩუქა …-მ. წიგნების თაროზე მოვკარი თვალი. მეგონა ხელოვნური იყო. ადრე ვირთევზა არსად მინახავს, მულტფილმების და კრიკატურების გარდა. ანუ ნატურალური სახით არც ფოტოზე მინახავს, არც ტვ-ში. არც არასოდეს დავფიქრებულვარ რომ ისინი მართლა არსებობდნენ. და საერთოდ რატომღაც არასოდეს მიფიქრია ვირთევზებზე.

ბათუმში უყიდია 2 ცალი.  ვიღაც კაცი ბულვარში ყიდიდაო, ბედნიერების მომტანიაო (მგონი დაიჯერა) და ერთი ცალი შენ გქონდესო.

კოსტავაზე ვიყავით, მამამისის სახლში. სტუდენტობას მაგონებს ეს სახლი. უნივერსიტეტიდან ფეხით მოვდიოდით ხოლმე, თან ვჭორაობდით, თან მზესუმზირას ვჭამდით. პეკინის და მიცკევიჩის კუთხეში პონჩიკებს ვყიდულობდით. სახლში დედამისი გვხვდებოდა. ყოველთვის ჰქონდა ნამცხვარი ან შოკოლადი. მერე მამამისი შემოირბენდა, ენერგიული, ხმაურიანი…. (გამახსენდა, ასე იგონებენ ხოლმე ბებია-ბაბუები ახალგაზრდობის წლებს. ხომ არ ვბერდები?)

ვგრძნობ, რომ მასაც ენატრება ხოლმე ის დრო. აბა რატომ მოდის აქ, ცარიელ სახლში, მარტო, როცა ჯერ ერთ ბავშვს სკოლაში დატოვებს, მეორეს ძიძას ჩააბარებს. ან იქნებ დედის მონატრებას მოჰყავს? არ ვიცი, შეგნებულად არ ვეკითხები. ასეთ რამეებზე არ საუბრობს.

ახლაც, მთხოვა კოსტავაზე დამტოვეო. გამიკვირდა, მაგრამ არ მიკითხავს. შენც ამოდი, რამე ვქნათო. რათქმა უნდა ავედი. დავლიეთ ჩაი და ყავა. გადავდე ის საქმე, სადაც მეჩქარებოდა. ვილაპარაკეთ ათას რამეზე, ძირითადად ჩვენს პრობლემებზე. არაფერი მოგვიგონია და გაგვიხსენებია. მაგრამ ისე კარგად ვიყავით, ისე არ ვჩქარობდით დავბრუნებოდით ჩვენს ცხოვრებას…

ეს სიფრიფანა ვირთევზას ფიტული ყოველთვის იმ შეგრძნებას მომაგონებს.