ეგოისტური ბლოგი

***

Posted in სიზმრები by noemberi on ივლისი 9, 2018

ისევ ის სიზმარი. ისევ ის ადამიანი და ისევ ის შეგრძნება. ისეთი, რომ იღვიძებ და კანზე გრძნობ. უცნობი ადამიანი. პრაქტიკულად უცნობი, რადგან სულ 2ჯერ თუ გინახავს. თითქოს სიზმარი — ეს სხვა ცხოვრებაა. შენი მეორე ცხოვრება, რომელიც თავისი დინებით მიდის და ზოგჯერ თუ შეგახსენებს სიზმრის სახით, რომ იქაც ცოცხლობ.

სიზმარი #3: ცოფიანი ძაღლები და ჯეოსელობანა

Posted in სიზმრები by noemberi on სექტემბერი 10, 2009

ნაწილი I.

შემოღობილი ტერიტორიაა ტყეში. არ ვიცი, რა მიზნით და რას ვაკეთებთ, მაგრამ 3 ადამიანი ვართ. ისევ ჩემთვის უცნობები, მაგრამ სიზმარში მეგობრები. ტერიტორია აღმართია, ჩვენ ქვემოთ ვდგავართ, ზედა ნაწილში კი ვოლიერებია, სადაც დაინფიცირებული ცხოველები ჰყავთ ჩაკეტილი, მგონი ცოფის ვირუსით.

ჩვენ გვახლავს ძაღლი, რომელიც ძალიან მიყვარს (სიზმარში). ჩემი მეგობრები მიემართებიან ზემოთ, ვოლიერებისკენ. მე ჩამოვრჩი რატომღაც. ჩემს ყურადღებას ძაღლის უცნაური ქცევა იპყრობს. თითქოს ცდილობს უკნიდან მომეპაროს და თავს დამესხას, გუგები დავიწროვებული აქვს კატასავით (არ ვიცი ამის დანახვა როგორ მოვახერხე). ვხვდები რომ ისიც დაინფიცირებულია.

ღობესთან რაღაც შევნიშნე ყუთივით, ზედ 2 ცალი ხის კეტი იდო, გამოთლილი და დამუშავებული. ავიღე ერთერთი, კომბალივით ფორმის.

ძაღლი უკვე თავს ვეღარ აკონტროლებს და აშკარად გადმოდის იერიშზე. მე მთელი ძალით ვურტყამ და ხერხემალზე ხვდება, კისრის ნაწილში. ის დაიწკმუტუნებს, ჰაერში უცნაურ მოძრაობას აკეთებს და უსულოდ ეცემა.

პ.ს. ეს ნამდვილი კოშმარი იყო. ვერ ვიტან ცხოველებზე ძალადობას, თუნდაც ცოფიანზე 😦

ნაწილი  II

სამაგიეროდ მეორე ნაწილი იყო უაზროდ სასაცილო.

გრძელი მაგიდის გარშემო ხალხი დგას, ფრაკებში და შავ კაბებში. მაგიდის თავში გიორგი მოსიძე დგას და ხელში რვეული უჭირავს. პერიოდულად მაგიდასთან მდგომნი სვამენ კითხვებს, მაგრამ ვინ პასუხობს და რა პრინციპით მიდის თამაში ვერ ვხვდები. მოსიძე იწერს რაღაცას ყოველი კითხვის შემდეგ.

მგონი მელოდებიან და ამიტომ წასვლას ვაპირებ. ჩემს ადგილს ვტოვებ და სანამ კართან მივალ მოსიძის ზურგს ამოფარებული რვეულში ვიხედები. მონიშნული აქვს მაგიდის გარშემო ადგილები და ადგილის პატრონები. ჩემი ადგილის გასწვრივ წერია “ქალი-გოგო”. ინტერესით ვკვდები ეს რას ნიშნავს, მაგრამ მეჩქარება და ვტოვებ ოთახს.

გარეთ ბნელა და ტაქსიში ჩემი მეგობარი მხვდება (ამჯერად რეალური მეგობარი) და სადღაც მივდივართ, თუმცა ისე ახლოს, რომ მიკვირს, ტაქსი რაში გვჭირდებოდა.

მივდივართ რაღაც პატარა სახლთან და ნ (ჩემი მეგობარი) მტოვებს. მე შევდივარ ოთახში, სადაც დგას ტელევიზორი, ტელევიზორის წინ მაგიდა და მაგიდასთან რამოდენიმე ადამიანი. ნაცნობი სახე მხოლოდ ერთია. ვჯდები მაგიდასთან სავარძელში და იგი გვთავაზობს “ჯეოსელობანა” ვითამაშოთ (ოღჩ).  თამაში იწყება, მაგრამ მე არ ვიცი როგორ ვითამაშო. ვწუწუნებ და ვსაყვედურობ, რომ ჯერ წესები უნდა გააცნოს ყველას. თან გაზეთს ვფურცლავ (?). მას რაღაც უაზრო არგუმენტი მოჰყავს, რაც მე არ მაკმაყოფილებს და ასე კინკლაობაში მიდის თამაში.

სიზმარი #2

Posted in სიზმრები by noemberi on სექტემბერი 2, 2009

დავწერო, სანამ დამვიწყებია. მთელი დღეა ვინახავ. ამჯერად თრილერის ჟანრში იყო. 😀

სადღაც ვართ რამოდენიმე მეგობარი (მართალია უცნობი ხალხი იყო, მარა ნუ იქ მეგობრები იყვნენ ჩემი), ვპოულობთ რაღაც ამპულას, რომელიც სავარაუდოდ გაციების საწინააღმდეგო აეროზოლი უნდა იყოს. იყენებს ერთერთი ჩვენგანი და გადაიქცევა ზომბად. მერე ყველა სადღაც ქრება და მე ამ ზომბს გავურბივარ.

რაღაც დასახლებულ პუნქტში ვარ, გზიდან გადავდივარ და ეზო-ეზო გავრბივარ. ეს ჩემი მდევარი რაღაც საშინელ ხმებს გამოსცემს, რითიც ვხვდები რომ ახლოსაა.

ბოლოს როგორც იქნა ავუბნიე თავგზა და რაღაც მონასტერს მივადექი.

პირველად ჩემს სიზმრებში რამოდენიმე წელი გავიდა ლოლ.

მოკლედ ვცხოვრობ ამ მონასტერში, სანამ არ მიპოვა. საქმე იმაში იყო, რომ ხმას აღარ გამოსცემდა და ამიტომ შორიდან ვერ მივხვდი, სანამ მონასტერში არ შემოვიდა. რომ დავინახე რათქმაუნდა მივხვდი, რომ “ეს ისაა” 😀

მაგრამ რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ზომბს აღარ გავდა. ჩვეულებდივი, სიმპატიური მამაკაცის გარეგნობა ჰქონდა მიღებული. საიდანღაც მივიღე ინფორმაცია, რომ მუტაცია განიცადა.

მოკლედ, სხვა რა დამრჩენია, ისევ გავრბივარ ….

ფინალი მეც ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ გამაღვიძეს.

სიზმარი #1

Posted in სიზმრები by noemberi on აგვისტო 19, 2009

ზოგადად, სიზმრებისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ. ზოგჯერ იმდენად აბსურდული, სულელური და სასაცილო სიუჟეტი აქვს ჩემს სიზმარს, რომ გაღვიძებისთანავე სპეცილურად კარგად ვიმახსოვრებ, რომ ვინმეს მოვუყვე. ძირითადად ნანახს ვერ ვიმახსოვრებ და მხოლოდ დღის განმავლობაში რაიმესთან დაკავშირებით მახსენდება.

აი დღესაც, კომენტების კითხვისას გამახსენდა, რომ

ძალიან ბევრი შემოდგომის ფოთოლი ვნახე. ჩემს ფეხებთან ეყარა, სხვადასხვა ფერის. მე ვცდილობდი ამომერჩია რატომღაც ერთი ზომის და სხვადასხვა ფერის ფოთლები.