ეგოისტური ბლოგი

თბილისი on my mind

ჩემი რაღაც ნაწილი 90-იანების თბილისშია ჩარჩენილი, და ალბათ მარტო არ ვარ. დღე არ გავა რაღაც არ გამახსენდეს იმ ცივი და ბნელი დღეებიდან. თუ ნოსტალგიას ვგრძნობ, მხოლოდ იმ ნაცრისფერი დღეების. “სტოკჰოლმის სინდრომის” ნაირსახეობაა?

მზესთან და ვარდებთან თბილისი ჩემთვის არასოდეს ასოცირდებოდა. მაგრამ ყოველთვის ასოცირდებოდა შემოდგომასთან. ყველა მოგონება, დაწყებული ღრმა ბავშვობიდან, სადაც თბილისი როგორც ქალაქი ფიგურირებს, შემოდგომის პერიოდს უკავშირდება. ყვითელი ფოთლები და წვიმის წვეთებია ყველგან “კადრში”.

ყველაზე ძველი მოგონება “ვაკის პარკში” “ხდება”, 80-იანების დასაწყისში. დეიდაჩემმა წამიყვანა სასეირნოდ. მე ალბათ 3-4 წლის ვიქნებოდი, ის — იმ ასაკის, მე რომ ვარ ახლა. გვიანი შემოდგომის საღამოა, თბილად გვაცვია. მე ნეკერჩხლის (მგონი) ფერად ფოთლებს ვაგროვებ და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ლექსს ვამბობ (სხვათაშორის საკუთარი ინიციატივით, რითაც განსაკუთრებით მოიხიბლა დამსწრე საზოგადოება). მახსოვს იქვე მოსეირნე სავარაუდოდ ინდოელთა ჯგუფი. და მახსოვს როგორ მომეწონა ერთერთი ქალის გახვრეტილი ცხვირი და ზედ პაწაწინა სამკაული. მერე კარგა ხანს ვიხატავდი ან ვიწებებდი ხოლმე რამეს :დდ

მზე ჩადის. ჩვენ ტროლეიბუსში ვჯდებით. წვიმა იწყება. მახსოვს ლამპიონებით განათებული გმირთა მოედანი და წვიმის წვეთები ტროლეიბუსის ფანჯარაზე. მერე ალბათ ჩამეძინა. ყოველთვის მეძინებოდა ღამე მგზავრობისას.

რაც არ გკლავს…

Posted in ფიქრები by noemberi on აპრილი 25, 2018

ღმერთო ჩემო. იმის მაგივრად, რომ რაც აუცილებელია იმას ვწერდე ახლა, აქ ვარ და ამას ვწერ. რამ გამახსენა აქაურობა აღარ მახსოვს. ბოლო პოსტი ზუსტად 2 წლის და 2 კვირის წინ გამიკეთებია.
ხოდა ბარემ რადგან აქ ვარ…. გუშინ TED-ის იუთუბ-არხზე ვიღაცას ვუსმინე (მშვენიერი საქმიანობაა სხვათაშორის თუ რამდენიმე ათასი ნაბიჯი გაქვს გასაკეთებელი, ჯანსაღი ცხოვრების მოტივაციით). ისეთი პოპულარული მგონი არავინ იყო. მე არ მეცნო ყოველ შემთხვევში. საუბრობდა mental strength-ზე. გამეხარდა ის, რომ ყველაფერში დავეთანხმე და ამ საკითხში საკუთარი გამოცდილება და მიღწევებიც გამაჩნია. მენტალური ჩვევების გაცნობიერება და შეცვლა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა… ეფექტურია. ცუდი მხოლოდ ისა, რომ ამის საჭიროება ხშირად ნეგატიური გარემოებების გამო დგება. მაგრამ გადალახული ბარიერის უკან ჩამოტოვებას არცერთი ნარკოტიკი არ შეედრება დედამიწის ზურგზე.

ფიქრი # 11

Posted in ფიქრები by noemberi on იანვარი 8, 2012

ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველა წიგნი გარკვეულ ასაკში უნდა წაიკითხო, ისევე როგორც ყველა გრძნობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უნდა გამოსცადო.  ესაა გამოცდილება. გამოცდილება არ არსებობს ცუდი და კარგი. ესაა “სავსე ცხოვრება”. ყველაფერი მოგონებებად ილექება ცნობიერში. ცხოვრების ბოლოს სულ ესაა რაც გრჩება. ადამიანი მაშინ კვდება, როცა მოგონებები უთავდება.

ფიქრი # 9

Posted in ფიქრები by noemberi on ოქტომბერი 10, 2009

ახლა ვაჟაზე რომ ამოვიარე შევნიშნე “პარნასი” დაუხურავთ 😦 არადა როგორ მიხაროდა, რომ სახლთან ახლოს მქონდა წიგნების მაღაზია. (ახლოს ანუ ფეხით სავალ მაძილზე).  უცებ შემეძლო გახსენებისთანავე ჩავლა და ახალი წიგნის ყიდვა. ალბათ არარენტაბელური იყო და დახურეს.

ყოველთვის მინდოდა 3 რამე მქონოდა სახლთან ახლოს:

1. ეკლესია

2. წიგნების მაღაზია

3. პარკი.

მეტნაკლებად სამივე პირობას ასრულებდა ჩემი მომავალი სახლი აი ეს ამბავი რომ არა. 😦

ფიქრი #8 (სანტა-ესპერანსაში)

Posted in ფიქრები by noemberi on სექტემბერი 19, 2009

მართალი ყოფილა დოდკა. ურევს, მაგრამ ვორდპრესი კი არა, ფაირფოქსი.

წაშალა და დრაფტადაც არ შეინახა.

——————————

რატომ აღარ აქვთ ახალ წიგნებს წინ პატარა რეზიუმესავით? აი ავტორი-ეპოქა-სიუჟეტს რომ აღწერდა მოკლედ.

რაღაც სახელი ექნება აუცილებლად, მაგრამ მე არ ვიცი, ან არ მახსოვს, რაც პრინციპში ერთიდაიგივეა.

მგონი ადრეც არავინ კითხულობდა, მაგრამ ჩემი ინგლისურის მასწავლებლის წყალობით ჩვევად მექცა და ახლაც, წიგნს რომ გადავშლი პირველ რიგში მაგას ვეძებ. თუმცა ზოგიერთებს აქვთ, უკანა გარეკანზე.

ჯანდაბას, იყოს, ოღონდ იყოს.

ფიქრი #7

Posted in ფიქრები by noemberi on აგვისტო 6, 2009

shoko droebitiვკითხულობ ჰიუსტონის ბლოგზე პოლო პოსტს, სადაც ექსპერიმენტის მსვლელობისას ჩაის, ყავის და შოკოლადის აკრძალვაზეა საუბარი და….  :spy: შოკოლადი არ მიჭამია თვეზე მეტია და ეს ახლა მახსენდება. ნუთუ აღარ მიყვარს ის, რაც საკვები პროდუქტებიდან ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა ყოველთვის?

ფიქრი #6

Posted in ფიქრები by noemberi on ივლისი 25, 2009

რა შეიძლება მოიფიქროს კაცმა უარესი შაბათ-კვირისთვის, ვიდე ინტერნეტის არქონაა? იმიტომ ვიძახი, რომ არ გვინდა ეს სამეზობლო ინტერნეტი.  კაცს რაიონში წასვლას ხომ ვერ აუკრძალავ, იმის გამო, რომ სახლში გამანაწილებელი უდგას, რომელსაც წარამარა გადატვირთვა უნდა და რომელზეც ინტერნეტის კაბელების გარდა ამ კაბელების პატრონების ნერვებიცაა მიერთებული.

მაგრამ კეთილმა ადამიანებმა მაქსიმალის ინტერნეტი მათხოვეს და არ ვიგრძნობ თავს რამდენიმე დღით უკაციელ კუნძულზე.  :))

ჩემი ფეხები

Posted in ფიქრები by noemberi on ივლისი 16, 2009

ყველაზე ცუდი გრძნობა,  რომელიც გულის რაღაც ნაწილს გიკლავს, სულს გიჩლუნგებს და სხეულს ვიღაცის ცივი ქირქილით გივსებს —- იმედგაცრუება. “ჰეჰ, რა სულელი ვარ”, გაიფიქრებ და შენც მწარედ გაგეღიმება. ან არ გაგეღიმება.

მზად ვარ უარი ვთქვა იმედებზე, ველოდო ყველაზე უარესს, საერთოდ არ ვიფიქრო, ოღონდ ზემოთხსენებული ვერდიქტი არ გამოვუტანო საკუთარ თავს.

ელი, ოცნებობ, გიხარია და…  ჩემი ფეხები.

IMG_0204

ფიქრი #5

Posted in ფიქრები by noemberi on მაისი 18, 2009

არა, აშკარად არაა საკმარისი. ბოლო დროს ამას მივხვდი.  იმისთვის, რომ ვიმუშაო, დავისვენო, ადამიანებთან ვიკონტაქტო და ყოველდღიური  აუცილებლობები ვაკეთო არ მყოფნის 24 საათი. ამ სიიდან სამსახური და ყოველდღიური აუცილებლობები პირველ და ურყევ პოზიციაზეა. გამოდის რომ დასასვენებლად და ადამიანებთან ურთიერთობისთვის დრო არ მრჩება. ან არადა ტემპი უნდა ავწიო. მარა როგორია ჩქარჩქარა, საათზე ყურებით დასვენება?  მოკლედ, არაა საშველი….

ფიქრი # 4

Posted in ფიქრები by noemberi on მაისი 17, 2009

…. გავა ბევრი დრო და რამდენიმე ადამიანის ბიოგრაფიის კითხვისას ალბათ შევხვდებით კიარადა შეხვდებიან  ფრაზას “ცნობილი ქართველი ბლოგერი და…”.