ეგოისტური ბლოგი

ფიქრი # რომელიღაცა

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on სექტემბერი 20, 2019

მამის სიკვდილი ისეთი რაღაცაა, რომ ერთხელ კი არა, მთელი სიცოცხლე რამდენჯერაც გაგახსენდება იმდენჯერ გიკვდება. შეიძლება ყველა ძვირფასი ადამიანის სიკვდილი ასეა. უბრალოდ მე ეს ახლა გავაცნობიერე, წლების მერე. მალე მისი დაბადების დღეა და მეფიქრება.

ქართველი

სად არ ყოფილა, რა არ უნახავს. “ცხელ წერტილშიც” და ცივშიც. ისეთ ცივში, თერმომეტრზე ტემპერატურა ნულს რომ იშვითად ასცდება ხოლმე. ძირითადად მარტო, სამსახურის გამო. დასასვენებლადაც ხანდახან, მაგრამ იშვიათად. ისეთი ტემპი აქვს აღებული მოსადუნებლად დრო ენანება. ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რომ ღირსეული შვილი, მამა, ქმარი და ძმა ერქვას. იმდენი დრო აქვს გაფლანგული…

მანამდე კი იყო თბილისი, 90-იანები, სიბნელე და სიცივე, უმიზნობა, უბანი, მეგობრები, სასმელი და მოსაწევი. მერე როგორღაც შეჩერდა, მიიხედ-მოიხედა და მიზანი გაუჩნდა, თუ იპოვა.

ახლა სხვა ადამიანია, ისეთი, როგორადაც ზრდიდნენ. ოჯახის ბურჯი, ძმაკაცების პატრონი  და ნათესავების იმედი. ერთი ისაა, თვითმფრინავი რომ საქართველოს ცაში აიჭრება რაღაცნაირ შვებას გრძნობს ხოლმე და ამის გამო სინდის ტანჯავს.

თბილისი on my mind

ჩემი რაღაც ნაწილი 90-იანების თბილისშია ჩარჩენილი, და ალბათ მარტო არ ვარ. დღე არ გავა რაღაც არ გამახსენდეს იმ ცივი და ბნელი დღეებიდან. თუ ნოსტალგიას ვგრძნობ, მხოლოდ იმ ნაცრისფერი დღეების. “სტოკჰოლმის სინდრომის” ნაირსახეობაა?

მზესთან და ვარდებთან თბილისი ჩემთვის არასოდეს ასოცირდებოდა. მაგრამ ყოველთვის ასოცირდებოდა შემოდგომასთან. ყველა მოგონება, დაწყებული ღრმა ბავშვობიდან, სადაც თბილისი როგორც ქალაქი ფიგურირებს, შემოდგომის პერიოდს უკავშირდება. ყვითელი ფოთლები და წვიმის წვეთებია ყველგან “კადრში”.

ყველაზე ძველი მოგონება “ვაკის პარკში” “ხდება”, 80-იანების დასაწყისში. დეიდაჩემმა წამიყვანა სასეირნოდ. მე ალბათ 3-4 წლის ვიქნებოდი, ის — იმ ასაკის, მე რომ ვარ ახლა. გვიანი შემოდგომის საღამოა, თბილად გვაცვია. მე ნეკერჩხლის (მგონი) ფერად ფოთლებს ვაგროვებ და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ლექსს ვამბობ (სხვათაშორის საკუთარი ინიციატივით, რითაც განსაკუთრებით მოიხიბლა დამსწრე საზოგადოება). მახსოვს იქვე მოსეირნე სავარაუდოდ ინდოელთა ჯგუფი. და მახსოვს როგორ მომეწონა ერთერთი ქალის გახვრეტილი ცხვირი და ზედ პაწაწინა სამკაული. მერე კარგა ხანს ვიხატავდი ან ვიწებებდი ხოლმე რამეს :დდ

მზე ჩადის. ჩვენ ტროლეიბუსში ვჯდებით. წვიმა იწყება. მახსოვს ლამპიონებით განათებული გმირთა მოედანი და წვიმის წვეთები ტროლეიბუსის ფანჯარაზე. მერე ალბათ ჩამეძინა. ყოველთვის მეძინებოდა ღამე მგზავრობისას.

დერეფანი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აპრილი 7, 2016

დილით, რძიან მიუსლის ყავას რომ ვაყოლებდი და გუშინდელ სიზმარზე ვფიქრობდი, უცებ გავაცნობიერე, რომ წინდების, “ტრუსიკების”, საკანცელარიო ნივთების, საოჯახო ინსტრუმენტების და სხვა ხარახურის მსგავსად ადამიანებიც დახარისხებული და უჯრებში ჩალაგებული მყავს. ჩემი მანიაკური ორგანიზებულობა რომ მათზეც ვრცელდება, ეს ძალიან სახალისო აღმოჩენად მომეჩვენა. სიზმარიც სახალისო იყო. მე და 2 ადამიანი რაღაც ქვესტს ვხსნიდით, რომელიც რეალურად ხდებოდა. მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. ყოველთვის მიჭირს ხოლმე ადამიანების კატეგორიზაცია. არ ვიცი ვის ვუწოდო მეგობარი, ახლობელი, ნაცნობი. მიკვირს სხვები როგორ ახერხებენ ამას. კატეგორია “ნათესავი” ყველაზე ადვილია. ეს 2 ადამიანი ჩემი ცხოვრების სხვადსხვა პერიოდს უკავშირდება, შეიძლება ითქვას, რომ იმ კონკრეტული “მე”-ს მეგობრები არიან. ის, რაც მათთან მაკავშირებს ძალიან ძვირფასია და სამუდამოდ ჩემთან დარჩება, მაგრამ სულ ესაა და ეს. ცხოვრების სხვა პერიოდში სხვა ასეთი ადამიანები იყვნენ და არიან. ზოგადად ცხოვრება გრძელი დერეფანივითაა, გვერდებზე ჩამწკრივებული უამრავი კარით და ოთახით. ზოგში მოგონებებია, ზოგში ფიქრები, ზოგში ოცნებები და ზოგშიც ადამიანები.

Kinda აუტოინტერვიუ

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ოქტომბერი 26, 2013

მე: აქ რატომ ხარ?

მე: აი თავში მომივიდა, რაღაც აუტოინტერვიუსავით დამეწერა.

მე: რატომ?

მე: რატომაც არა?

მე: ხვდები ეს როგორ ჟღერს? საკუთარ თავს ელაპარაკები.

მე: ჰაჰა, კი ვხვდები. სულ ამას არ ვაკეთებ ამ ბლოგზე? უბრალოდ ცოტა განსხვავებული ფორმით იქნება ახლა. და საკუთარ თავთან ლაპარაკი რატომაა პრობლემა? მემგონი პირიქით, ყველაზე კარგად მეხმარება საკუთარი თავის დანახვაში, მეორე თუ მესამე პოსტში ვწერ კიდეც ამაზე. აროგანტულად ჟღერს? 

მე: რავიცი…

მე: მაგრამ არავინ მისვამს სწორ კითხვებს, როგორსაც მე ვუსვამ საკუთარ თავს და რომელზეც პასუხის გაცემა მჭირდება.

მე: შენ უსვამ სხვებს ასეთ კითხვებს? ჩაეკითხები? LOL

მე: არა. საინტერესო ადამიანები აღარ მხვდებიან.

მე: რას ნიშნავს “საინტერესო ადამიანი”?

მე: განსხვავებული. მაგალითად, კარგი ადამიანები. სულ უფრო და უფრო ცოტაა. სწორი ღირებულებებით, თავისუფალი აზროვნებით.

მე: გინდა თქვა, რომ შენ ხარ ასეთი?

მე: ყოველთვის ვერ ვარ. მაგრამ ასეთი ადამიანები მეხმარებიან რელსებს დავუბრუნდე.

მე: რაღაც არამგონია ვინმეს აზრს ითვალისწინებდე. კატას მაგონებ LOL

მე: Я кошка, которая гуляет сама по себе :)))

მე: შეგახსენებ, რომ საქმე გაქვს.

მე: კი, კი, მახსოვს.

მე: დაგეხმარე რამეში?

მე: არც კი იცი როგორ.

 

 

Ад на земле

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ოქტომბერი 20, 2013

თბილისში გოგო დაიკარგა. წერილი დატოვა და მშობლებს სუიციდზე მიანიშნა. გაქრა, ვერც მკვდარს პოულობენ, ვერც ცოცხალს. კვალსაც კი ვერ მიაგნეს. 2 დღეა ამაზე ვფიქრობ და მეშინია ჩემი შვილის, რომელიც ჯერ არ არსებობს.

ფიქრი არაფერზე

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ოქტომბერი 17, 2013

ყოველდღიურად 20 წუთი დაუთმეთო მედიტაციას, გვირჩევენ. 20 წუთი ვერა, მაგრამ 5 წუთს ვახერხებ. ვფიქრობ არაფერზე და ვუსმენ როგორ თენდება Jange Sekiang-ში (ალბათ ადგილია, არ ვიცი).

სერიალი მკვლელი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ოქტომბერი 12, 2013

თუ ახალი ფილმების ნახვისას სულ უფრო იშვიათად მოგწონთ ფილმი, სულ უფრო ხშირად გაქვთ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, გეჩვენებათ რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და უცებ მთავრდება, თუ მთავარი გმირის არათუ შეყვარება, კარგად გაცნობაც ვერ მოასწარით, სავარაუდოდ სერიალების სინდრომი გჭირთ.  გუშინ მივხვდი. შეიძლება სხვებიც მიხვდნენ უკვე. შეიძლება კინოინდუსტრიის მამებიც მიხვდნენ რაღაცას, ხელი ჩაიქნიეს, თეთრი იახტების გემბანზე რბილ შეზლონგებში გაგორდნენ, ცალ ხელში სიგარით, მეორეში ყინულიანი ვისკით და ოქროს ბეჭედით არათითზე, მზისგან თუ სიბრაზისგან თვალმოჭუტული, მდუმარედ გვიცქერენ ჩვენ, დაკარგულებს. და აღარ აკეთებენ კარგ ფილმებს.

:yawn:

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ოქტომბერი 11, 2013

შემოვალ, თვალს მოვავლებ აქაურობას, ღრმად ჩავისუნთქავ ოდნავ სევდიან, შავ-თეთრ არომატს, რაღაცით ახალი გაზეთის სუნს რომ მაგონებს, ღრმა ბავშვობიდან შემორჩენილს, შეიძლება რამდენიმე ძველი უჯრაც გამოვაღო, და შეიძლება დამტვერილ მოგონებებსაც შევუბერო სული, ისევ გავიფიქრებ, რომ კარგი იქნებოდა უფრო ხშირად მოვიდე, რომ ეს აუტოფსიქოთერაპია კარგი იყო და ახლაც ძალიან მჭირდება, გავიფიქრებ და ისევ მთქნარებით დავალოგაუთებ.

ფრანები

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on მაისი 8, 2013

ადამიანები სასტიკები ვართ ერთმანეთის მიმართ. მინდოდა დამეწერა “ზოგჯერ”, მაგრამ არა, ყოველთვის ასეა. საკუთარ მიზნებს და ოცნებებს მივსდევთ, როგორც ფრანებს. გავრბივართ თავაწეულები, ხელებგაწვდილები ვეპოტინებით. ამ დროს მთავარია ფრანს თვალი არ მოაცილო და სწორად მართო, თუ ხელს გიშლის ვინმე — მუჯლუგუნით მოიგერიო, წაქცეულს — გვერდი აუარო ან მარჯვედ გადაახტე. და ამ რბოლაში ისე ვთელავთ ერთმანეთს, სახეშიც კი არ ვუყურებთ, თვალებშიც კი ვერ ვასწრებთ ჩახედვას. გეშინია, რომ მოიხედო ფრანი გაგიფრინდება. ამ სევდიანი მარათონის ბოლოს კი აღარავინ გრჩება, რომ გამარჯვება მოგილოცოს.