ეგოისტური ბლოგი

ხმელი ვირთევზა

Posted in ნივთები ანუ წარსული აწმყოში by noemberi on დეკემბერი 10, 2008

ჩემს წინ კიდია კედელზე, ზუსტად მონიტორის უკან. ამ ზაფხულს მაჩუქა …-მ. წიგნების თაროზე მოვკარი თვალი. მეგონა ხელოვნური იყო. ადრე ვირთევზა არსად მინახავს, მულტფილმების და კრიკატურების გარდა. ანუ ნატურალური სახით არც ფოტოზე მინახავს, არც ტვ-ში. არც არასოდეს დავფიქრებულვარ რომ ისინი მართლა არსებობდნენ. და საერთოდ რატომღაც არასოდეს მიფიქრია ვირთევზებზე.

ბათუმში უყიდია 2 ცალი.  ვიღაც კაცი ბულვარში ყიდიდაო, ბედნიერების მომტანიაო (მგონი დაიჯერა) და ერთი ცალი შენ გქონდესო.

კოსტავაზე ვიყავით, მამამისის სახლში. სტუდენტობას მაგონებს ეს სახლი. უნივერსიტეტიდან ფეხით მოვდიოდით ხოლმე, თან ვჭორაობდით, თან მზესუმზირას ვჭამდით. პეკინის და მიცკევიჩის კუთხეში პონჩიკებს ვყიდულობდით. სახლში დედამისი გვხვდებოდა. ყოველთვის ჰქონდა ნამცხვარი ან შოკოლადი. მერე მამამისი შემოირბენდა, ენერგიული, ხმაურიანი…. (გამახსენდა, ასე იგონებენ ხოლმე ბებია-ბაბუები ახალგაზრდობის წლებს. ხომ არ ვბერდები?)

ვგრძნობ, რომ მასაც ენატრება ხოლმე ის დრო. აბა რატომ მოდის აქ, ცარიელ სახლში, მარტო, როცა ჯერ ერთ ბავშვს სკოლაში დატოვებს, მეორეს ძიძას ჩააბარებს. ან იქნებ დედის მონატრებას მოჰყავს? არ ვიცი, შეგნებულად არ ვეკითხები. ასეთ რამეებზე არ საუბრობს.

ახლაც, მთხოვა კოსტავაზე დამტოვეო. გამიკვირდა, მაგრამ არ მიკითხავს. შენც ამოდი, რამე ვქნათო. რათქმა უნდა ავედი. დავლიეთ ჩაი და ყავა. გადავდე ის საქმე, სადაც მეჩქარებოდა. ვილაპარაკეთ ათას რამეზე, ძირითადად ჩვენს პრობლემებზე. არაფერი მოგვიგონია და გაგვიხსენებია. მაგრამ ისე კარგად ვიყავით, ისე არ ვჩქარობდით დავბრუნებოდით ჩვენს ცხოვრებას…

ეს სიფრიფანა ვირთევზას ფიტული ყოველთვის იმ შეგრძნებას მომაგონებს.