ეგოისტური ბლოგი

ქართველი

სად არ ყოფილა, რა არ უნახავს. “ცხელ წერტილშიც” და ცივშიც. ისეთ ცივში, თერმომეტრზე ტემპერატურა ნულს რომ იშვითად ასცდება ხოლმე. ძირითადად მარტო, სამსახურის გამო. დასასვენებლადაც ხანდახან, მაგრამ იშვიათად. ისეთი ტემპი აქვს აღებული მოსადუნებლად დრო ენანება. ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რომ ღირსეული შვილი, მამა, ქმარი და ძმა ერქვას. იმდენი დრო აქვს გაფლანგული…

მანამდე კი იყო თბილისი, 90-იანები, სიბნელე და სიცივე, უმიზნობა, უბანი, მეგობრები, სასმელი და მოსაწევი. მერე როგორღაც შეჩერდა, მიიხედ-მოიხედა და მიზანი გაუჩნდა, თუ იპოვა.

ახლა სხვა ადამიანია, ისეთი, როგორადაც ზრდიდნენ. ოჯახის ბურჯი, ძმაკაცების პატრონი  და ნათესავების იმედი. ერთი ისაა, თვითმფრინავი რომ საქართველოს ცაში აიჭრება რაღაცნაირ შვებას გრძნობს ხოლმე და ამის გამო სინდის ტანჯავს.

თბილისი on my mind

ჩემი რაღაც ნაწილი 90-იანების თბილისშია ჩარჩენილი, და ალბათ მარტო არ ვარ. დღე არ გავა რაღაც არ გამახსენდეს იმ ცივი და ბნელი დღეებიდან. თუ ნოსტალგიას ვგრძნობ, მხოლოდ იმ ნაცრისფერი დღეების. “სტოკჰოლმის სინდრომის” ნაირსახეობაა?

მზესთან და ვარდებთან თბილისი ჩემთვის არასოდეს ასოცირდებოდა. მაგრამ ყოველთვის ასოცირდებოდა შემოდგომასთან. ყველა მოგონება, დაწყებული ღრმა ბავშვობიდან, სადაც თბილისი როგორც ქალაქი ფიგურირებს, შემოდგომის პერიოდს უკავშირდება. ყვითელი ფოთლები და წვიმის წვეთებია ყველგან “კადრში”.

ყველაზე ძველი მოგონება “ვაკის პარკში” “ხდება”, 80-იანების დასაწყისში. დეიდაჩემმა წამიყვანა სასეირნოდ. მე ალბათ 3-4 წლის ვიქნებოდი, ის — იმ ასაკის, მე რომ ვარ ახლა. გვიანი შემოდგომის საღამოა, თბილად გვაცვია. მე ნეკერჩხლის (მგონი) ფერად ფოთლებს ვაგროვებ და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ლექსს ვამბობ (სხვათაშორის საკუთარი ინიციატივით, რითაც განსაკუთრებით მოიხიბლა დამსწრე საზოგადოება). მახსოვს იქვე მოსეირნე სავარაუდოდ ინდოელთა ჯგუფი. და მახსოვს როგორ მომეწონა ერთერთი ქალის გახვრეტილი ცხვირი და ზედ პაწაწინა სამკაული. მერე კარგა ხანს ვიხატავდი ან ვიწებებდი ხოლმე რამეს :დდ

მზე ჩადის. ჩვენ ტროლეიბუსში ვჯდებით. წვიმა იწყება. მახსოვს ლამპიონებით განათებული გმირთა მოედანი და წვიმის წვეთები ტროლეიბუსის ფანჯარაზე. მერე ალბათ ჩამეძინა. ყოველთვის მეძინებოდა ღამე მგზავრობისას.

მარშრუტი: თბილისი-ქვიშხეთი-ბორჯომი-ბაკურიანი-ბათუმი-გონიო. ნაწ.I

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on სექტემბერი 2, 2009

ალბათ ყველაზე გრძელი სათაურია ქართული წორდპრესის ისტორიაში 🙂

სადღაც ოკამთან ჩემი ყურადღება თოვლიანმა კავკასიონმა მიიქცია.

IMG_0414

ასე გამოიყურება “კუკუშკას” ახალი ვაგონი, რომლის ბილეთიც 1 ლარით მეტი ღირს და რომელსაც ძველისგან განსხვავებით სარკმელი ისე მაღლა აქვს, რომ კისერი ძალიან უნდა დაიგრძელო, რომ თავი გაყო. არადა მთელი მუღამი მაგაშია 🙂

IMG_0418

ქართული რკინიგზის ფერხორციანი წარმომადგენლები 🙂

IMG_0421

ასე ეპატიჟებოდა ეს ბებო ყველას თავისი მზესუმზირის საყიდლად.

IMG_0422

რაც არ უნდა საოცარი იყოს, სწორედ სურათის მარჯვენა კუთხეში  მიმაგრებული ჩაქუჩით უნდა ჩაამტვრიოთ ეს ორმაგშუშიანი სათადარიგო გასასვლელი საჭიროების შემთხვევაში.

IMG_0423

გული მტკივა ამ გადამწვარი ტყეების დანახვაზე 😦

IMG_0424

ასეთი საინტერესო ზარი შევნიშნე ერთერთ სადგურზე.

IMG_0428

ბაკურიანის კოლორიტი, უცნაური წარმოშობის ავტომობილი.

IMG_0436

ქვიშხეთის აღდგომის სახელობის ტაძრის ჭერი.

IMG_0471

მტკვრის ხეობა. ხედი ქვიშხეთიდან.

IMG_0472

სრულად დადებას ვაპირებდი, მაგრამ  ბევრი ფოტოა კიდევ დარჩენილი.  თან მეზარება.

ამიტომ 2 ნაწილად გავაკეთებ.

თბილისური ცისარტყელა

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on ივლისი 28, 2009

IMG_0228IMG_0227

პირველად ვნახე ცისარტყელას ორივე ფეხი ერთდროულად : ))

ფირუზის მძივი

Posted in ნივთები ანუ წარსული აწმყოში by noemberi on ივლისი 23, 2009

IMG_0214მგონი აგვისტო იყო. 2 თუ 3 წლის წინ. თბილისში ხვატი იდგა. ყაზბეგის ქუჩით მელიქიშვილზე  ჩამოვდიოდი, სტანდარტ-ბანკში კომუნალური უნდა გადამეხადა. ქუჩის ბოლოში, ბანკის ფანჯრის რაფაზე მოხუცი ქალი იჯდა. ზუსტად ისეთი, ძველ რუსულ ფილმებში რომ არიან “ბაბუშკები”, ნიკაპთან შეკრილი თავსაფრით, თეთრი, დაჭმუჭნული კანით და ასაკისთვის შეუფერებელი  ზღვისფერი თვალებით…. საერთოდ, ადამიანის გარეგნობაში ყველაფერი იცვლება ასაკთან ერთად, თვალის ფერადი გარსის გარდა. მარტივი ასახსნელია: თვალები სულის სარკეა, სული კი არამატერიალურია და არასოდეს ბერდება.

მოხუცი მძივებს ყიდდა. ძალიან ლამაზი იყო ყველა, თუმცა ძველმოდური. მოკლე მძივები იყო. ასეთს ახლა აღარავინ ატარებს. ნეფრიტი და ფირუზი მომეწონა, დამუშავებული ერთი ზომის ბურთულები. ამასობაში იმდენი გამვლელი დაინტერესედა, რომ ნეფრიტი თვალწინ “ამახიეს”. მოხუცს ბავშვივით უხაროდა.

ჰოდა ამდენი ხანია მიგდია ეს ფირუზის მძივი, არცერთხელ არ გამომიყენებია. დღეს შემთხვევით გამახსენდა და ბევრი წვალების შემდეგ ახალი სამაჯური მაქვს. მგონი ცუდი არ გამოვიდა : )))

დეფიციტი

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on ივნისი 18, 2009

ახალ განყოფილებას ვამატებ.

“პრიკოლი” სურათები, რომელიც ცხოვრებაში მხვდება.

თუმცა ეს სურათი მაინცადამაინც სასაცილო არ უნდა იყოს, თუ ღრმად და საფუძვლიანად დავფიქრდებით.

თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკის ხელსაბანთან ასეთ სურათს იხილავთ. უკმაყოფილო პერსონალს აღშფოთებული ტონის ხაზგასასმელად ბოლოში “!”-იც დაუსვამს.

Surati007