ეგოისტური ბლოგი

თბილისი on my mind

ჩემი რაღაც ნაწილი 90-იანების თბილისშია ჩარჩენილი, და ალბათ მარტო არ ვარ. დღე არ გავა რაღაც არ გამახსენდეს იმ ცივი და ბნელი დღეებიდან. თუ ნოსტალგიას ვგრძნობ, მხოლოდ იმ ნაცრისფერი დღეების. “სტოკჰოლმის სინდრომის” ნაირსახეობაა?

მზესთან და ვარდებთან თბილისი ჩემთვის არასოდეს ასოცირდებოდა. მაგრამ ყოველთვის ასოცირდებოდა შემოდგომასთან. ყველა მოგონება, დაწყებული ღრმა ბავშვობიდან, სადაც თბილისი როგორც ქალაქი ფიგურირებს, შემოდგომის პერიოდს უკავშირდება. ყვითელი ფოთლები და წვიმის წვეთებია ყველგან “კადრში”.

ყველაზე ძველი მოგონება “ვაკის პარკში” “ხდება”, 80-იანების დასაწყისში. დეიდაჩემმა წამიყვანა სასეირნოდ. მე ალბათ 3-4 წლის ვიქნებოდი, ის — იმ ასაკის, მე რომ ვარ ახლა. გვიანი შემოდგომის საღამოა, თბილად გვაცვია. მე ნეკერჩხლის (მგონი) ფერად ფოთლებს ვაგროვებ და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ლექსს ვამბობ (სხვათაშორის საკუთარი ინიციატივით, რითაც განსაკუთრებით მოიხიბლა დამსწრე საზოგადოება). მახსოვს იქვე მოსეირნე სავარაუდოდ ინდოელთა ჯგუფი. და მახსოვს როგორ მომეწონა ერთერთი ქალის გახვრეტილი ცხვირი და ზედ პაწაწინა სამკაული. მერე კარგა ხანს ვიხატავდი ან ვიწებებდი ხოლმე რამეს :დდ

მზე ჩადის. ჩვენ ტროლეიბუსში ვჯდებით. წვიმა იწყება. მახსოვს ლამპიონებით განათებული გმირთა მოედანი და წვიმის წვეთები ტროლეიბუსის ფანჯარაზე. მერე ალბათ ჩამეძინა. ყოველთვის მეძინებოდა ღამე მგზავრობისას.

ოდა ღამეს

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 21, 2008

რა ბანალურია.

მე რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც ღამეზე არ თქმულა და არ დახატულა. მთვარიანი, უმთვარო, ზღვაზე, მთაში, გზაში, ქალაქში, ტყეში, წელიწადის სხვადასხვა დროს….მიყვარს ყველანაირი და ყოველთვის. и знаю, что это на всю жизнь.
არ ვიცი ეს ჩვევაა, სენია, აკვიატებაა თუ რაღაცნაირი თავისუფლების (და არა პირიქით) განცდის სურვილია.

ღამით ვიღაც და რაღაც იღვიძებს ჩემში (ალბათ მზეთუნახავი, დღის შუქს რომ ერიდება : P ან ტრანსილვანიელი გრაფის რომელიმე გენი. მარა საიდან, ან ერთი და ან მეორე? ლოლ)
მოდის ახალი აზრები, ახალი ენერგია… თვალი სულ სხვაგვარად აღიქვამს.
ღამით ესთეტიურობის შეგრძნება მატულობს. ერთი მხრივ იმ ბანალური მიზეზის გამო, რომ სიბნელეში ნაკლოვანებები ცუდად ჩანს, მეორეს მხრივ იმიტომ, რომ ადამიანები არ აფუჭებენ პეიზაჟს.

ჩემი ფანჯრიდან თბილისის ღამე ჩანს. თავისი ვარსკვლავიანი ცით (ამინდის შესაბამისად), ბრჭყვიალა ანძით, განათებული სამებით, შორს მტკვრის გაღმა ფერდობზე შეფენილი ლამპიონების გირლიანდებით (სავარაუდოდ ნახალოვკის და ჩუღურეთის ქუჩები უნდა იყოს).
ჩემი ფანჯრის ქვეშ თბილისს ძინავს.

პ.ს. რატომღაც მგონია, რომ ბლოგების უმეტესი ნაწილი ღამით იწერება.