ეგოისტური ბლოგი

რაც არ გკლავს…

Posted in ფიქრები by noemberi on აპრილი 25, 2018

ღმერთო ჩემო. იმის მაგივრად, რომ რაც აუცილებელია იმას ვწერდე ახლა, აქ ვარ და ამას ვწერ. რამ გამახსენა აქაურობა აღარ მახსოვს. ბოლო პოსტი ზუსტად 2 წლის და 2 კვირის წინ გამიკეთებია.
ხოდა ბარემ რადგან აქ ვარ…. გუშინ TED-ის იუთუბ-არხზე ვიღაცას ვუსმინე (მშვენიერი საქმიანობაა სხვათაშორის თუ რამდენიმე ათასი ნაბიჯი გაქვს გასაკეთებელი, ჯანსაღი ცხოვრების მოტივაციით). ისეთი პოპულარული მგონი არავინ იყო. მე არ მეცნო ყოველ შემთხვევში. საუბრობდა mental strength-ზე. გამეხარდა ის, რომ ყველაფერში დავეთანხმე და ამ საკითხში საკუთარი გამოცდილება და მიღწევებიც გამაჩნია. მენტალური ჩვევების გაცნობიერება და შეცვლა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა… ეფექტურია. ცუდი მხოლოდ ისა, რომ ამის საჭიროება ხშირად ნეგატიური გარემოებების გამო დგება. მაგრამ გადალახული ბარიერის უკან ჩამოტოვებას არცერთი ნარკოტიკი არ შეედრება დედამიწის ზურგზე.

Special drug

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 18, 2008

მგონი მომწონს ეს საქმე. და მგონი ჩემი მომდევნო გატაცების საგანი ვიპოვე. ჯერ “ჩავიციკლები”, მერე ან გამივლის, ან “შევჯდები”. ადამიანებს ხომ ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ… კაი ბატონო, ჩავსვამ ბრჭყალებში. “ნარკოტიკში” მხოლოდ ქიმიური, ნარკოტიკული საშუალება არ მიგულისხმია. ჩემთვის ნარკოტიკია ყველაფერი, რასაც ადამიანი გასართობად ან რეალობისგან დროებით მაინც თავის დასაღწევად, “გულის გადასაყოლებლად” (კარგი გამოთქმაა) მიმართავს და მერე მასზე რამენაირად დამოკიდებული ხდება. ასეთ “ნარკოტიკად” შეიძლება იქცეს ნებისმიერი რამ, აბსოლუტურად ნებისმიერი. მატერიალურიც და არამატერიალურიც.

“ბლოგომანია” ნარკომანიის ერთერთი სახეა და ფრიად გავრცელებულია ინტერნეტ-მომხმარებელთა შორის. ალბათ სადღაც ტვინში, ხვეულებსა და ღარებს შორის ჩაკარგული პატივმოყვარეობის ცენტრი აღიგზნება და კაიფიც ამაშია. თუარადა, რატომ არ ვწერთ ამ ჩვენს ტვინის ნაჟურს ვორდის ქათქათა ფურცლებზე და არ ვინახავთ ფოლდერებში ვინჩესტერის უკიდეგანო წიაღში? არა, ასე არ მუშაობს. ვირტუალური და ილუზორული ტაში “ახარებს ჩვენს ჭიას”, რომელიც ვინ იცის, იქნებ სწორედ ნერვული უჯედების იმ პატარა კონგლომერატის ხატოვანი სინონიმია.

ასე რომ, there is a special drug for each of us.