ეგოისტური ბლოგი

ქართველი

სად არ ყოფილა, რა არ უნახავს. “ცხელ წერტილშიც” და ცივშიც. ისეთ ცივში, თერმომეტრზე ტემპერატურა ნულს რომ იშვითად ასცდება ხოლმე. ძირითადად მარტო, სამსახურის გამო. დასასვენებლადაც ხანდახან, მაგრამ იშვიათად. ისეთი ტემპი აქვს აღებული მოსადუნებლად დრო ენანება. ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რომ ღირსეული შვილი, მამა, ქმარი და ძმა ერქვას. იმდენი დრო აქვს გაფლანგული…

მანამდე კი იყო თბილისი, 90-იანები, სიბნელე და სიცივე, უმიზნობა, უბანი, მეგობრები, სასმელი და მოსაწევი. მერე როგორღაც შეჩერდა, მიიხედ-მოიხედა და მიზანი გაუჩნდა, თუ იპოვა.

ახლა სხვა ადამიანია, ისეთი, როგორადაც ზრდიდნენ. ოჯახის ბურჯი, ძმაკაცების პატრონი  და ნათესავების იმედი. ერთი ისაა, თვითმფრინავი რომ საქართველოს ცაში აიჭრება რაღაცნაირ შვებას გრძნობს ხოლმე და ამის გამო სინდის ტანჯავს.

a-la housewife

დღეს პირველად ვნახე, მაგრამ რადგან ჩემი ყურადღება მიიქცია, გადავწყვიტე მისთვისაც გამომეყო ადგილი ჩემი “ვერბალური პორტრეტების” გალერეაში.

ხომ არსებობენ ქალები, რომ ვერ იტყვი მათზე ლამაზიაო, მაგრამ აქვთ რაღაც, რაც გიზიდავს. ისეთი ქალებიც არსებობენ რომ ვერ იტყვი ლამაზი არააო, მაგრამ რაღაცნაირი უფერულები არიან და შეუმჩნევლები. ის კი არც ლამაზია, არც შარმი აქვს. უფრო მეტიც, რაღაც გაღიზიანებს მასში.

(more…)