ეგოისტური ბლოგი

1.12.2008

Posted in დღიური by noemberi on დეკემბერი 1, 2008

რაღაც არეულად მეძინა. რა გასაკვირია, ღამის (თუ დილის) 5 საათზე რომ დაიძინებ. რას ვაკეთებდი ეს სხვა თემაა და ამ განყოფილებას არ შეესაბამება. ამიტომ სხვა დროს დავწერ.

დილით ოთახის კარზე ოჯახის წევრის ფრთხილმა კაკუნმა გამაღვიძა. წამოხტომა არ მიჩქარია. რადგან არ განმეორდა ე.ი. სასწრაფო არაფერია. გუშინ სამსახურიდან სწორედ ისეთ ხასიათზე დავბრუნდი, საკუთარ თავსაც რომ ვერ ვიტან ხოლმე. იციან რომ ამ დროს უნდა მომერიდონ.

დღის განრიგი საშუალებას მაძლევდა ძილი მშვიდად გამეგრძელებინა. თუმცა გამოფხიზლების რამდენიმე მცდელობა ისედაც უშედეგოდ დამთავრდა.

პერიოდულად ამოტივტივდებოდა ხოლმე აზრი, რომ ტელეფონი დამჯდარია და ვინ იცის რა ხდება. ჩემნაირი ცივილიზაციის მსხვერპლისთვის ეს იმდენად ძლიერი მიზეზია თბილი ლოგინის მიტოვების, რომ ბოლოსდაბოლოს დავემორჩილე.

შევაერთე თუ არა 2 მესიჯი ერთმანეთზე სწრაფად მოვიდა და მერე wonderful day-ს მელოდიაც გაისმა. ზარმა დღის მეორე ნახევრის გეგმები შეცვალა. მაშასადამე 5-სთვის პავლოვზე უნდა მივირბინო და მერე პრინციპში თავისუფალი ვიქნები.

შხაპი, საუზმე, ჩავიცვი და გავედი.

პოზიტივი — მანქანა კარგად იყო გამთბარი მზის სხივებით და ამჯერად ხელები საჭეზე არ მიმეყინა. აწი სულ აქ უნდა დავაყენო. ჩემს წასვლამდე გათბობას ასწრებს.

ვაკე-საბურთალოს გზაჯვარედინზე რათქმაუნდა საცობი იყო. კინაღამ გამისვა ვიღაცამ.

ვერ გადავეჩვიე ამ ძველ სახელწოდებებს. ყაზბეგს რას ვერჩი, მაგრამ ყურს პავლოვი უკეთესად ხვდება : )

უკანა გზაზე ვაჟას ძეგლთან დაფეხვილი “მარშრუტკით” კვახებს ყიდიდნენ. შეიძლება ყიდვა და საღამოს მოხარშვა. მარა დაჭრას ვერ ვიტან. თუ ოჯახის რომელიმე წევრი იზამს ამ კეთილშობილ საქმეს, ქვაბში მე ჩავაწყობ, წყალსაც დავასხამ და ცეცხლზეც შემოვდგამ. მთავარია ივარგოს, თორემ სხვა გზა არ მექნება, უნდა ვაღიარო რომ მომატყუეს. ერთის ყიდვას ვაპირებდი და მეორეც მაყიდვინა იმ მიზეზით რომ პატარა ავარჩიე, და მესამეც, იმიტომ რომ ხურდა არ ჰქონდა.

……………

ახლა ერთი ძალიან კარგი ადამიანის გარდაცვალების შესახებ შემატყობინეს. ამ შეგრძნებას “არსებობის სევდას” დავარქმევდი.