ეგოისტური ბლოგი

ნეგატივი

Posted in დღიური, ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 15, 2009

გადავწყვიტე დღეს ადრე დავიძინო. უფრო სწორად, იძულებული ვარ ადრე დავიძინო. და საერთოდ, მთელი მომდევნო კვირა დაძაბულ რეჟიმში მომიწევს ცხოვრება-მოღვაწეობა. სამაგიეროდ მერე დავისვენებ, აუცილებლად წავალ ნ-სთან ქვიშხეთში. იმედია ცოტა მაინც დათბება, თორემ ეს უკვე სასაცილო აღარაა.

როგორმე უნდა გადავიტანო მომავალი კვირა. ამისთვის კი კვირას კარგად უნდა დავისვენო. ანუ მთელი დღე სახლში + კომპიუტერი + წიგნი, ჩემი კარგად დასვენება ხომ ესაა. მაგრამ არ მინდა წინასწარ გეგმების დაწყობა, ცუდად მაქვს დაცდილი.

დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ნახევარი დღეა მასზე ვფიქრობ. ჩემს ბლოგროლში არის და ე.ი. მის ბლოგს ხშირად ვკითხულობდი. ამ ამბის გაგებისთანავე ლინგვისტუსის ერთი პოსტი გამახსენდა, რომელიც თავის დროზე შორეულ მომავალზე დაწერილი მომეჩვენა.

ორშაბათს ჩემს ინტენსიურ დ ახლო ურთიერთობასაც თუ ჩავთვლით პოლიციასთან, ეს კვირა ჯერჯერობით ისევე მძიმედ გრძელდება, როგორც დაიწყო.

პ.ს. ფოტო განწყობისთვის, თორემ ნამეტანი რუხი პოსტი გამოვიდა 🙂

IMG_0170

Made in Forum.ge

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on დეკემბერი 5, 2008

ყოველთვის მინდოდა დამეწერა იმ ფენომენზე, რომელსაც forum.ge ჰქვია. ესაა ვირტუალური საზოგადოება (უკეთესი განმარტება ვერ მოვუძებნე), სადაც იგივე კანონები მოქმედებენ, რაც რეალურ ქართულ საზოგადოებაში. აქაც იგივე სნობურ-მეშჩანური სული ტრიალებს, რაც თბილისის ქუჩებში.  გასაკვირიც იქნებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო. ქუჩაშიც ხომ იგივე ადამიანები დადიან, ვინც ფორუმზე პოსტავს.

საკმაო სტაჟი მაქვს ფორუმელობის, იმისათვის რომ დავკვირვებოდი მის ცხოვრებას. თითქმის ყველა ერთ გზას გადის.

საიტზე შემთხვევით ან გამიზნულად მოხვედრის შემდეგ საკმაო დრო გადის, სანამ იგი შენს წარმოსახვაში მესამე განზომილებას შეიძენს. სტუმრისთვის ესაა ინფორმაციის წყარო, სხვადასხვა თემატიკით, რომლებიც განყოფილებების მიხედვითაა დალაგებული. პოსტები კი ვიღაცის ნაწერია, სადაც ვერ ინტონაციას გრძნობს, ვერც ქვეტექსტს, ვერც განწყობას. მოკლედ იმას, რაცაა ფორუმის მუღამი.

ახალდარეგისტრირებული თავს უცხოდ გრძნობს ამდენ “სასტავებში”, ვერ ხვდება აქაურ სლენგს და არასტანდარტულ სიტყვიერ სმაილიკებს. ფრთხილად აკეთებს პირველ პოსტს, რომელიც ძირითადად უკომენტაროდ რჩება (თუმცა გააჩნია რომელ განყოფილებაში). შემდეგ პოსტს პოსტი მოსდევს, ნიკები ხასიათს იძენენ, პმ — მნიშვნელობას. გამოიკვეთება საყვარელი განყოფილება და შესაბამისი სასტავი. პოსტების რაოდენობის მატებასთან ერთად იზრდება იუზერული თვითშეფასების კოეფიციენტი და იწყება ლაღი მემბერობა.  ჩნდება ფავორიტი იუზერები, რომლებთანაც უსწორდება ჩეთაობა, თუნდაც ამისთვის მისმა წორნ ლეველმა 20%-ით მოიმატოს ხოლმე, ავტორიტეტი იუზერები, რომელთა პოსტების რაოდენობა და ფორუმული იმიჯი ერთნაირად შთამბეჭდავია. ურთიერთობებს ვეღარ იტევს ნეტი და თანდათან ჩნდება  მათი რეალობაში გადატანის მოთხოვნილება. სწორედ ესაა ჩემი აზრით ფორუმელობის დასასრულის დასაწყისი. განსხეულებული ნიკები ის მომაბეზრებელი ადამიანები აღმოჩნდებიან, რომლებთან ერთადაც გვიწევს ერთ ოთახში მუშაობა, ლიფტით ერთად მგზავრობა, ბანკის სალაროსთან რიგში დგომა.  ქრება ვირტუალურობის ხიბლი და მასთან ერთად ილუზია სხვა, უკეთეს საზოგადოებისა.

ასე წარმომიდგენია ჩემი ფორუმული ფინალი, ამიტომაც ვერიდები რეალურ ურთიერთობებს. დასაკარგი კი მაქვს. ბევრი კარგი ფორუმელი გავიცანი, ბევრი ნაცნობი სულ სხვანაირად დავინახე, ბევრი დავიწყებული გავიხსენე. დავტოვებ ყველაფერს ისე, როგორც არის. მეყო იმედგაცრუებები.