ეგოისტური ბლოგი

თბილისი on my mind

ჩემი რაღაც ნაწილი 90-იანების თბილისშია ჩარჩენილი, და ალბათ მარტო არ ვარ. დღე არ გავა რაღაც არ გამახსენდეს იმ ცივი და ბნელი დღეებიდან. თუ ნოსტალგიას ვგრძნობ, მხოლოდ იმ ნაცრისფერი დღეების. “სტოკჰოლმის სინდრომის” ნაირსახეობაა?

მზესთან და ვარდებთან თბილისი ჩემთვის არასოდეს ასოცირდებოდა. მაგრამ ყოველთვის ასოცირდებოდა შემოდგომასთან. ყველა მოგონება, დაწყებული ღრმა ბავშვობიდან, სადაც თბილისი როგორც ქალაქი ფიგურირებს, შემოდგომის პერიოდს უკავშირდება. ყვითელი ფოთლები და წვიმის წვეთებია ყველგან “კადრში”.

ყველაზე ძველი მოგონება “ვაკის პარკში” “ხდება”, 80-იანების დასაწყისში. დეიდაჩემმა წამიყვანა სასეირნოდ. მე ალბათ 3-4 წლის ვიქნებოდი, ის — იმ ასაკის, მე რომ ვარ ახლა. გვიანი შემოდგომის საღამოა, თბილად გვაცვია. მე ნეკერჩხლის (მგონი) ფერად ფოთლებს ვაგროვებ და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ლექსს ვამბობ (სხვათაშორის საკუთარი ინიციატივით, რითაც განსაკუთრებით მოიხიბლა დამსწრე საზოგადოება). მახსოვს იქვე მოსეირნე სავარაუდოდ ინდოელთა ჯგუფი. და მახსოვს როგორ მომეწონა ერთერთი ქალის გახვრეტილი ცხვირი და ზედ პაწაწინა სამკაული. მერე კარგა ხანს ვიხატავდი ან ვიწებებდი ხოლმე რამეს :დდ

მზე ჩადის. ჩვენ ტროლეიბუსში ვჯდებით. წვიმა იწყება. მახსოვს ლამპიონებით განათებული გმირთა მოედანი და წვიმის წვეთები ტროლეიბუსის ფანჯარაზე. მერე ალბათ ჩამეძინა. ყოველთვის მეძინებოდა ღამე მგზავრობისას.