ეგოისტური ბლოგი

* * *

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 21, 2008

ისევ უსათაუროდ ვიწყებ. როგორ წესი, თავისით მოდის მერე.

ეს წიგნი ლინგვისტუსის ახალმა სტატიამ გამახსენა. გაყვითლებული ფურცლებით, ყდაგაცრეცილი, მრავალჯერ აკინძული. იმდენჯერ წამიკითხავს, რომ ჩემი ბავშვობის თითქმის ყველა პერიოდს უკავშირდება. ამიტომ მთლიანად ბავშვობას მაგონებს, სხვადასხვა მოვლენებით, შეგრძნებებით, სუნებით.

ბოლოს როდის წავიკითხე აღარ მახსოვს. ალბათ მაშინ, როცა უკანასკნელად ვიყავი ბავშვი. ახლა სიამოვნებით წავიკითხავდი, რომ ვიცოდე სადაა (დროებით სხვა წიგნებთან ერთად რომელიღაც ყუთშია, წარწერით “წიგნები”, სხვა მისამართზე, ობიექტური მიზეზების გამო).

წავიკითხავდი-მეთქი, მაგრამ… რომ არ დაბრუნდეს ის შეგრძნებები? ან პირიქით, დაბრუნდეს, მაგრამ ის ბავშვი აღარ დახვდეს, ყოველ ჯერზე ერთნაირი აღტაცებით რომ კითხულობდა? ალბათ იმედგაცრუების ცივ შეგრძნებას ვარიდებ თავს. (შეგრძნებებს ტემპერატურული მახასიათებელი რომ გააჩნიათ არ იცოდით?).

სათაური არ მოვიდა.

p.s. ამ წიგნში ასტრიდ ლინდგრენის სამი ნაწარმოებია: “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი”, “ბიულერბიუელი ბავშვები” და “ჩვენც სალტკროკელები ვართ”.