ეგოისტური ბლოგი

კაცი-ვაცი

შავგვრემანი. ან იქნებ ხორბლისფერი უფრო ეთქმის.

თაფლისფერი, მომწვანო თვალებით. სწორი ცხვირი. თხელი ლოყები  და გამოკვეთილი ყვრიმალები.

ღიმილი უხდება, ვერაფერს იტყვი.

მაღალი შუბლი, მსუბუქად შემელოტებული საფეთქლებით.

ვარცხნილობა კლასიკური, დაბალზე.

აღნაგობა მკვეთრად სპორტული. ფართო მხრებითა და ზომიერად განვითარებული მუსკულატურით. წონა, სავარაუდოდ, იდეალური.

სეზონურად რუჯი (загар). ზაფხულში სხეულის ყველა ხილულ ადგილას, ზამთარში — სახეზე, სპორტული სათვალეების ანაბეჭდით.

ვერ იტყვი, რომ თავს გადამეტებულად უვლის, მაგრამ სულ ფორმაშია.

IQ ინდექსი სავარაუდოდ არაშთამბეჭდავი.  თუმცა საუბრის აკადემიური მანერით იგივე მაჩვენებლის მქონეზე ეფექტის მოხდენას ახერხებს.

სუსტი სქესი მისი სისუსტეა და შეიძლება ითქვას, ამაყობს ამით. ყოველ შემთხევვაში, რომ არ მალავს ნათელია. აკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ იყოს შემჩნეული და აღიარებული. ხანდახან ვფიქრობ, რომ მეტი საქმე არ აქვს ცხოვრებაში.

მიეკუთვნება მამაკაცების იმ კატეგორიას, ვისაც ქალი-მეგობარი, როგორც მეგობარი, არ ჰყავს.