ეგოისტური ბლოგი

ფანჯარა პარიზში

Posted in ყველაფერზე და არაფერზე, my playlist by noemberi on იანვარი 12, 2009

მე არ ვყოფილვარ პარიზში.

მაგრამ ოდესმე წავალ. იმიტომ რომ ჩემთვის აუცილებელია ის, რასაც ჩემი წარმოდგენით პარიზი იძლევა. მიჭირს თქმა ამას რა ჰქვია.  ეს არაა ეიფელი, ლუვრი, ვერსალი და ათასი გაცვეთილი ღირსშესანიშნაობა. პარიზი უნდა იგრძნო და შეისუნთქო (ალბათ)…

რატომღაც მგონია რომ მარტო უნდა ვეზიარო  მას. არადა შეყვარებულების ქალაქია. ალბათ პარიზზე შეყვარებულების.

როდესაც მასზე ვფიქრობ, ერთი კადრი მიდგას ყოველთვის თვალწინ: ფანჯარა ქუჩაზე გადის. ქუჩა პატარაა, ვიწრო და მყურდო, ქვაფენილიანი. ფანჯრიდან ქუჩის მოპირდაპირე მხარეს პატარა კაფე მოსჩანს, საიდანაც დილაობით ახალდაფქული ყავისა და ჯერ კიდევ ცხელი კრუასანების კუჭისშემძვრელი სუნი იჭრება ოთახში. კაფე ტენტიანია და ორიოდე მაგიდა გარეთ პირდაპირ ტროტუარზეც კი დგას. განაპირას, კედელთან ვაზის მსგავსი რაღაც ხვიარა მცენარეა დარგული, რომელიც კაფეს თავზე, აივანს მწვანედ მოსავს. ფანჯარა (აი სწორედ ის, საიდანაც დავიწყე) აუცილებლად დარაბებიანია და აუცილებლად მეორე სართულზეა.

….. და აუცილებლად ჟღერს “პარიზის ცის ქვეშ”.